ახალი ამბები

უწყებათაშორისი კომისია ცესკოს მოუწოდებს, მეორე ტურში დამკვირვებლების მიერ სამაგიდო სიების გამოყენება არ დაუშვას

7 ნოემბერი, 2017 • 1706
უწყებათაშორისი კომისია ცესკოს მოუწოდებს, მეორე ტურში დამკვირვებლების მიერ სამაგიდო სიების გამოყენება არ დაუშვას

“იმისათვის, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესმა თავისუფალ, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს”, უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, 12 ნოემბერს, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებში არ დაუშვან  ე.წ.სამაგიდო სიებიდან ინფორმაციის, მათ შორის, პირადი ინფორმაციის, გამოთხოვა იმის გასარკვევად, მიიღო თუ არა მონაწილეობა ამომრჩეველმა ხმის მიცემის პროცესში.

ამის შესახებ ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციაში.

“უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ სამაგიდო სიების გამოყენება მსგავსი ინფორმაციის მისაღებად ეჭვქვეშ აყენებს კენჭისყრის ფარულობას. გარდა ამისა, ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისაყვანად”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ზემოხსენებული პრაქტიკა, რაც საიას შეფასებით, ამომრჩევლის ნების კონტროლია, მდგომარეობს იმაში, რომ რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების”, „მემარცხენე ალიანსის” ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის” წარმომადგენლები იდგნენ და უბანზე მისული ამომრჩევლის მონაცემებს ინიშნავდნენ. ეს მათ საშუალებას აძლევადთ, სცოდნოდათ, ვინ არ იყო არჩევნებზე მისული.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ განმარტა, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიი ხელმძღვანელის თქმით, არჩევნებში ხმის მიცემა/არმიცემა ადამიანის პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში არ უნდა იყოს ამ მონაცემების შეგროვება.

კორინ იონკერმა ასე უპასუხა შეკითხვას თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნებზე დამკვიდრებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები მემარცხენე ალიანსთან ერთად არჩევნებზე მისული ადამიანების მონაცემებს იწერდნენ.

კორინ იონკერმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებამ სამომავლოდ უნდა იფიქროს, თუმცა, მისივე თქმით, ის ვერ იტყვის, რომ ამ პრაქტიკას ყველა უბანზე ჰქონდა ადგილი და არც იმის თქმა შეიძლება, რომ ამან არჩევნების შედეგებზე მოახდინა გავლენა.

“სადაც ამას ჰქონდა ადგილი, არ უნდა მოხდეს. ხმის არმიცემა ასევე პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში უნდა იყოს, რომ ეს გაიგოს”, – თქვა იონკერმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი