ახალი ამბები

ე.წ. სპაისების მოხმარება და რეალიზაცია დასჯადი ხდება

26 ივნისი, 2013 •
ე.წ. სპაისების მოხმარება და რეალიზაცია დასჯადი ხდება

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ე.წ. სპაისების მოხმარება:

 

“სპაისები არის მცენარეული სუბსტანციები, გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით. სინთეზური კანაბინოიდებით შეადგენენ განსხვავებული სტრუქტურების მქონე ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფს: JWH-018, JwH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, CP-47 ,497. სინთეზური კანაბინოიდები ფუნქციურად ტეტრაკანაბინოიდის ანალოგები არიან და იწვევენ კანაბინოიდების მსგავს ფსიქო-ფიზიოლოგიურ რეაქციებს ადამიანში. ამავდროულად, სინთეზური კანაბინოიდები 5-ჯერ უფრო ძლიერია”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


ე.წ. სპაისი, იგივე “სინთეტიკური მარიხუანა”, ანუ “სინთეზური კანაბინოიდია”, მათგან ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებულია ე.წ. ბიო:

 

“ეს არის ბუნებრივი, მცენარეული ნივთიერება, როგორც ანაშა, ზუსტად იგივე ფორმულაა, უბრალოდ, ერთი მოლეკულა შეცვლილია და ხელოვნურადაა გაკეთებული, შესაბამისად, ის ანალიზში არ ამოდის. ალბათ, ესეც ერთ–ერთი მიზეზია იმისა, რომ სხვა საშუალებებთან შედარებით ეს უფრო პოპულარული გახდა. მომხმარებლებმა არ იციან, რომ ამ საშუალების შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ზუსტად იგივეა, რაც სხვა ნარკოტიკებში არსებული ტედრა ჰიდრო–კანაბინოლი, უბრალოდ, ის ხელოვნურად შექმნილია,” – განმარტავს ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომელი თამარ გამყრელიძე.

 

ე.წ. ბიოარომატიზატორების გამოწერა სხვადასხვა საიტების მეშვეობითაა შესაძლებელი და მათი ფასი 50 ევროდან იწყება.

 

საკანონმდებლო ცვლილების ავტორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი თამაზ ავდალიანი. იგი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რადგან, როგორც თავად ამბობს, ეს ნარკოტიკური საშუალება, ე.წ. სპაისები მასობრივადაა გავრცელებული ახალგაზრდებში, მათ შორის მოზარდებში:

 

“ძალიან იაფია და ადვილად ხელმისაწვდომია. 10 დოლარი ღირს 3-5 გრამი და ძალიან მავნებელია მისი მოწევა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ დაჩქარებულად უნდა იქნას ზომები მიღებული,” – აცხადებს ავდალიანი.

 

მისივე თქმით, შსს-ს უკვე დადგენილი აქვს, თუ სად შეიძლება შეუკვეთოს შესაბამისი ტესტები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ ნივთიერების მოხმარების დადგენა [ამ დრომდე ასეთი ტესტი საქართველოში არ კეთდება] და ამის შემდეგ “სპაისების” მომხმარებლები და რეალიზატორები ისევე დაისჯებიან, როგორც ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაში.

 

შეეხება თუ არა სანქციები ინტერნეტშეკვეთებზე მომუშავე კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ასეთი საშუალებების გამოწერა, ამაზე დეპუტატი ავდალიანი აცხადებს, რომ დაისჯება ის, ვინც უშუალოდ გამოიწერს ამ ნივთიერებებს:

 

“გზავნილში შეიძლება ჰაშიშიც იყოს და უცნობი იყოს ამის თაობაზე გზავნილებზე მომუშავე კომპანიისთვის. შესაბამისად, დაისჯება ის, ვინც მიიღებს ამ გზავნილს,” – აცხადებს ავდალიანი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი