ახალი ამბებიტექნოლოგიები

ხუთი ახალი გაჯეტი ყოველდღიურობის გასამარტივებლად

3 ნოემბერი, 2017 • 7494
ხუთი ახალი გაჯეტი ყოველდღიურობის გასამარტივებლად

 SGNL – სამაჯური

SGNL – ჭკვიანი სამაჯური საშუალებას გაძლევთ ყურმილის აღების გარეშე, უბრალოდ, ყურთან თითის ოდნავი შეხებითაც უპასუხოთ ზარებს. აღარ არის საჭირო ყურსაცვამის გამოყენება და ველოსიპედით, მოტოციკლითა თუ ავტომობილით მგზავრობისას მობილურის ძებნა ჩანთასა და ჯიბეში, რაც ყურადღების გადატანას იწვევს და ზრდის ავარიების, უბედური შემთხვევების რისკს.

როცა ტელეფონზე გირეკავენ, მობილური ტელეფონიდან სიგნალი ჭკვიან სამაჯურსაც გადაეცემა და გაკავშირებთ ადრესატთან ყურთან თითის შეხებით. ეს შეხება გადმოგცემთ ბგერით სიგნალსაც და ამავე დროს ახშობს გარემოს ხმებს, რომ მოსაუბრის ხმა სუფთად და ხარვეზის გარეშე გესმოდეთ ყველაზე ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილებშიც კი.

დასამუხტი პასტა – ChargeWrite

დამტენი პასტა, გარდა იმისა, რომ წერს, ასევე მუხტავს ნებისმიერ აიფონს, ანდროიდსა და სმარტფონს კვების ბლოკის გარეშე. პასტა კომპიუტერთან USB პორტით ან დენის წყაროსთან მიერთებით იმუხტება. ქუჩაში შემთხვევით გათიშული ტელეფონი ამ გამოგონების წყალობით პრობლემად აღარ იქცევა. პასტის მექანიზმში 16 გბ. მეხსიერების ჩიპიცაა ჩამონტაჟებული. ხელსაწყოს ეკრანის გამწმენდი ფუნქციაც აქვს და მოსახერხებელია ნებისმიერი ეკრანიანი ტექნიკის ლაქებისგან გასაწმენდად.

VINCI – ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ყურსაცვამები

ყურსაცვამებში ხელოვნური ინტელექტია ჩამონტაჟებული და მოწყობილობა აღიქვამს თქვენს ხმოვან მითითებებს. უთითებთ სიმღერის დასახელებას, ჯგუფს, მუსიკალურ ჟანრს და ღილაკებით ძიების გარეშე ისმენთ სასურველ მუსიკას. თუ კონკრეტულად არაფერი გსურთ, აცნობებთ ყურსაცვამებს თქვენი განწყობის შესახებ და შესაფერის მელოდიებს ჭკვიანი მოწყობილობა თავად გთავაზობთ.

Moodo – სახლის ჭკვიანი არომატიზატორი

სურნელის არჩევა ინდივიდუალური რამ არის, თუმცა არსებობს სხვადასხვა არომატის კომბინაციები, რაც განწყობას ამაღლებს, ქმნის მშვიდ ატმოსფეროს, ან პირიქით-გვააქტიურებს.

Moodo პატარა ყუთია და ასობით სხვადასხვა სურნელს აფრქვევს ჩვენი სურვილის მიხედვით, სასურველი ატმოსფეროს შექმნა ირგვლივ წამებშია შესაძლებელი. მსოფლიოს წამყვანი პარფიუმერების მიერ  შექმნილი ასობით სურნელით სასურველი განწყობის მარტივი „გამოძახებაა“ შესაძლებელი.

ჟასმინების ხეივანი, ვარდების ბაღი, ლავანდის ველი, ჩაის ხის და ციტრუსის ბაღის სურნელი – ეს და უამრავი სხვა სურნელი შეგიძლიათ ცალ-ცალკე გააფრქვიოთ სახლში ან უბრალოდ მიუთითოთ, როგორი განწყობა გსურთ შეიქმნათ და მოწყობილობა თავად შეარჩევს შესაბამის არომატს.

„Bonjour“ – ჭკვიანი მაღვიძარა ხელოვნური ინტელექტით

ჭკვიანი მაღვიძარას  მომართვა სიტყვიერი მითითებებით შეიძლება, აქვს დილით მითითებულ დროზე რეკვის ფუნქცია, თქვენს  გაღვიძებამდე შეუძლია გადაამოწმოს ქალაქში საცობების სიხშირე და თუ ტრანსპორტით გასავლელი ქუჩები გადატვირთულია, მაღვიძარა შედარებით ადრე გაგაღვიძებთ, რომ არ დაგაგვიანდეთ.

თუ კვირადღეს, დილის 7-ზე დააყენებთ მაღვიძარას და თან მიუთითებთ, რომ ადრე გაღვიძება ღია ცის ქვეშ ვარჯიშისთვის გჭირდებათ, ის მართლაც ამ დროს დარეკავს. მაგრამ თუ მოულოდნელად გაწვიმდა, მაღვიძარა არ გაგაღვიძებთ და ძილს აღარ დაგიფრთხობთ.

ჭკვიანი მაღვიძარა თქვენს ყოველდღიურ რუტინას სწავლობს: რამდენი დრო გჭირდებათ გამოსაფხიზლებლად, მოსაწესრიგებლად, საუზმისთვის, და თქვენზე ინდივიდუალურად მორგებულ მითითებებს გაძლევთ, რაც დროის ეფექტურად მართვასა და დაგეგმვაში გეხმარებათ.

„ძილი ნებისა“ ჯადოსნური სიტყვაა, რომლის წარმოთქმითაც მაღვიძარა „Bonjour“ ღამის რეჟიმზე გადაერთვება და გაცნობებთ, თუკი ავტოფარეხის, ეზოს ან სახლის კარი ღიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი