ახალი ამბები

ომბუდსმენი მთავრობას აჭარაში დაბრუნებული ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს

25 ივნისი, 2013 •
ომბუდსმენი მთავრობას აჭარაში დაბრუნებული ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს

“2013 წლის 13 მაისს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სტიქიის შედეგად დაზარალებულმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა (ეკომიგრანტებმა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართეს აქცია, რომელმაც შემდგომში პერმანენტული ხასიათი მიიღო და დღემდე გრძელდება. 

 

საქართველოს სახალხო დამცველმა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო აჭარის რეგიონიდან წალკის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირების (ეკომიგრანტების) პრობლემების შესწავლა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულია 2 354 ეკომიგრანტი. მათი ძირითადი პრობლემა (სხვა პრობლემებთან ერთად) მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ მხოლოდ 571 სახლი შეისყიდა, თუმცა აქედან არც ერთი არ არის რეგისტრირებული ეკომიგრანტთა საკუთრებად. იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში ბერძენი მოქალაქეები ინტენსიურად ბრუნდებიან საქართველოში, ეკომიგრანტები კარგავენ თავშესაფარს.

 

ეკომიგრანტებს სახელმწიფომ საჩუქრად გადასცა მიწის ნაკვეთები (1 ჰექტარი), თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს ნაკვეთები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის. ამასთან, წალკის მუნიციპალიტეტის რიგ სოფელში არ არის სასმელი წყალი საკმარისი რაოდენობით.

 

2013 წლის 30 მაისს, დასახელებული პრობლემების შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილის შესაბამისად, ირკვევა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის 23 სოფელში შესყიდულია და ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებლად გადაცემულია 571 სახლი. 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შესაბამისი დოკუმენტაცია გაუგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურის დასაწყებად. თუმცა დასახელებული სახლები არ არის დღემდე რეგისტრირებული ეკომიგრანტთა საკუთრებად. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სამინისტროს მცირე საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევა.

 

მიუხედავად იმისა, რომ წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირების (ეკომიგრანტების) პრობლემების შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, ერთ თვეზე მეტია, ზემოაღნიშნული პირები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ღია ცის ქვეშ იმყოფებიან და თავშესაფრით დაკმაყოფილების მოთხოვნით განაგრძობენ აქციას. თუმცა დღემდე პრობლემები პრობლემებად რჩება და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მათ გადასაჭრელად არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. 

 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (ეკომიგრანტებისთვის) სათანადო საცხოვრისის გამოყოფისა და აღნიშნულ პირთა სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი