ახალი ამბები

მთავრობამ სიმაღლეზე მუშაობის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

3 ნოემბერი, 2017 • 3982
მთავრობამ სიმაღლეზე მუშაობის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ სიმაღლეზე მუშაობის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. დოკუმენტში გაწერილია ის ვალდებულებები, რომლებიც დასაქმებულმა და დამსაქმებელმა უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად უნდა შეასრულონ.

რეგლამენტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული ხდება მიიღოს პრევენციული ზომები დასაქმებულთა უსაფრთხოებისთვის, შეიმუშაოს სამაშველო გეგმა. დამსაქმებელი ასევე ვალდებული ხდება მოაწყოს დამცავი მოაჯირები რეგლმანეტით გაწერილი წესების მიხედვით, თუ სამუშაო ადგილზე სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე იარსებებს.

მოაჯირების მოწყობის წესებს და ვალდებულებებს სიმაღლეზე შრომის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი დეტალურად აღწერს. გაწერილია ხარაჩოების მოწყობის წესებიც. დოკუმენტი დამცავი ბადეებისა და ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენების წესებსაც ადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, ყველა თანამშრომელს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება სიმაღლეზე შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებს. სიმაღლეზე მომუშავეებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებების შესაბამის გამოყენებაზე. პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული დასაქმებულისათვის ვარდნის საფრთხის გამოცნობის შესაძლებლობას და უნდა მოიცავდეს ამ საფრთხის მინიმუმამდე შემცირების მიზნით აუცილებელ პროცედურებს.

რეგლამენტით გაწერილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას და კონტროლს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი გაუწევს. დოკუმენტის მიხედვით სამშენებლო მოედნებზე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა ჩაითვლება მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევად.

მასალების გადაბეჭდვის წესი