ახალი ამბები

“შონზო”: ქართულ ენაში არ არსებობს შესაბამისი ეპითეტი ამ კადრების გადმოსაცემად

25 ივნისი, 2013 •
“შონზო”: ქართულ ენაში არ არსებობს შესაბამისი ეპითეტი ამ კადრების გადმოსაცემად

ზურაბ გაჩეჩილაძე (შონზო)
ზურაბ გაჩეჩილაძე (შონზო)

შეხვედრას ესწრებოდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფლების” წარმომადგენელი ზურაბ გაჩეჩილაძე (შონზო), რომელმაც “ნაციონალების” ფრაქცია საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა.


გაჩეჩილაძის თქმით, ვიდეოკადრების ჩვენება დღეს შსს-ში 15 წუთს გაგრძელდა, რადგან მისი განცხადებით, დეპუტატებმა ვეღარ გაუძლეს კადრების ჩვენებას, მათი სიმძიმიდან გამომდინარე:

 

“ვფიქრობ, რომ ეს არის ყოვლად ამაზრზენი ფაქტი, ქართულ ენაში არ არსებობს შესაბამისი ეპითეტი ამ კადრების და შთაბეჭდილების გადმოსაცემად. რა თქმა უნდა, ეს არის სისტემის დანაშაული. ვერტიკალში აუცილებლად იყვნენ და ახლაც არიან ადამიანები, რომლებმაც ამის შესახებ იცოდნენ. აქ არა მარტო იმ ადამიანების დანაშაული იკვეთება, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს, არამედ მათიც, ვინც ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ და აქამდე დუმდნენ.”

 

მისი თქმით, ამ კადრებიდან გამომდინარე, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი შესაძლებელია:

 

“რადგან იმ პერიოდში, რა დროსაც ეს ყველაფერი ხდებოდა, ეს პარტია ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტოში იყო წარმოდგენილი და, შესაბამისად, ეს პროცესი მათ მიერ კონტროლირებად სფეროში ხდებოდა.”

 

გრძნობს თუ არა თავადაც, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ყოფილი წევრი, პასუხისმგებლობას აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით? – ამ კითხვაზე პასუხად ზურაბ გაჩეჩილაძე აცხადებს:

 

“მე “ნაციონალურ მოძრაობაში” არ ვყოფილვარ, მე ვიყავი ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” და კენჭი ვიყარე ვაზისუბნის საარჩევნო ოლქში, შესაბამისად, ალბათ, ჩემი სტატუსი არ იყო იმ დონის და იმ შესაბამისობის, რომ ასეთი ხასიათის ინფორმაციასთან წვდომა მქონოდა. უნდა დაისაჯოს ყველა – ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვინც მითითებები გასცა.”

 

საკრებულოს წევრის განცხადებით, იმ ფორმატში, რა ფორმატითაც დღეს მოხდა შსს-ში კადრების ჩვენება, საქმეს არ აზარალებს:

 

“რადგან ვიდეოკადრებში ნაჩვენები ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელია, შესაბამისად, მსხვერპლის უფლებები არ ირღვევა, ხოლო საჯაროდ ან ტელევიზიით ამ კადრების გავრცელება, არ მგონია, რომ სწორი იყოს.”

  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალების ნაწილი, სადაც ადამიანების წამებაა ასახული, ოფიციალური ინფორმაციით, უკვე აჩვენა დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრებს. იმავდროულად, აღნიშნული ვიდეომასალა თან წაიღო სტრასბურგში დეპუტატმა თინა ხიდაშელმა, რათა ეს მასალები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებისთვისაც ეჩვენებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი