“60 კაცის დაკავება და გადაყვანა ნარკოლოგიურიში არ დასტურება. მხოლოდ 2 ადამიანი იყო, რომლებიც საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნარკოლოგიურში იყვნენ გადაყვანილი და შემდეგ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული,”- განუცხადა ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, სალომე წერეთელმა. 

 

ფესტივალზე 60-მდე პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება მოძრაობა “2 ივნისის” სახელით გავრცელდა, რომელსაც ხელს 200-მდე მოქალაქე აწერს.

 

“22-23 ივნისს მცხეთაში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “ოაზისი”, რომელშიც ქართველი, უკრაინელი, რუსი, დანიელი, გერმანელი მუსიკოსები, მათ შორის მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების და ფესტივალის მონაწილე მუსიკოსების მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევის ფაქტებს,”- ეს განცხადება ფეისბუქზე მოძრაობამ “2 ივნისი” გამოაქვეყნა.

 

მათი განმარტებით, ფესტივალის ჩასატარებლად გამოყოფილ ტერიტორიაზე, სცენის წინ და კემპინგის ზონაში მოძრაობდნენ ფორმიანი და უფორმო, შავ ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელთა ჯგუფები, რომლებიც აკავებდნენ მოქალაქეებს, ჩხრეკდნენ მათ და ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გადაჰყავდათ.

 

“აღნიშნული ქმედებების დროს დაფიქსირდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტებიც. ორი დღის განმავლობაში, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიიდან წაყვანილი იქნა 60-მდე მოქალაქე. პოლიციელთა ქმედება იმდენად გასცდა ცივილიზებული ქცევის ფარგლებს, რომ ფესტივალის ჰედლაინერმა, ცნობილი რუსული ჯგუფის Мумий Троль-ის ვოკალისტმა, ილია ლაგუტენკომ, საკუთარი გამოსვლის დროს სცენიდან განაცხადა, რომ კონცერტის დროს დაპატიმრებული იქნა 60 ადამიანი. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიციის მხრიდან მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯს და სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. პოლიციის ფუნქცია უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოების დაცვა და არა საკუთარი მოქალაქეების და ჩამოსული სტუმრების დევნა.”

 

მუსიკალურ ფესტივალზე მოქალაქის დაკავების ფაქტი ნეტგაზეთმაც დააფიქსირა.

 

ოაზისის ინციდენტი
ოაზისის ინციდენტი

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *