ახალი ამბები

12 წლის მირზა ცეცხლაძის მკურნალობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა

25 ივნისი, 2013 • 1064
12 წლის მირზა ცეცხლაძის მკურნალობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა

 

„მირზა ცეცხლაძის მკურნალობას ესაჭიროებოდა 102 ათასი ამერიკული დოლარი, 2013 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ ის 20 ათასი დოლარით დააფინანსა. 2013 წლის 3 აპრილს მათ ისევ მოითხოვეს 95 ათსი ევრო, ამჯერად უკვე იტალიის ქალაქ ვერონაში სამკურნალოდ და რეფერალური პროგრამის ფარგლებში მისი მკურნალობა დაფინანსდა 10 ათასი ევროთი, მთლიანობაში მირზასთვის გამოყოფილი იყო 10 ათასი ევრო და 11 440 დოლარი. დღეს უკვე სამინისტრომ ვერონაში მისი მკურნალობის სრული კურსის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო“ – განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ბოდოკიამ.

 

მირზა ცეცხლაძეს რამდენიმე თვის წინ აპლაზური ანემია დაუდგინდა, რისთვისაც აუცილებელია ძვლის ტვინის გადანერგვა. 

 

შეგახსენებთ, კამპანია მირზა ცეცხლაძის გადასარჩენად ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში დაიწყო. მირზას შესახებ ინფორმაცია გაზეთ „ბათუმელებში” გამოქვეყნდა. 

 

ბოლო დღეებში მირზას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ბათუმში ჟურნალისტებმა მის დასახმარებლად ფულის შეგროვება ქუჩებში დაიწყეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ კამპანია გრძელდება და დღეს აჭარის სხვადასხვა საჯარო სამსახურებსა და კერძო ორგანიზაციებს მიმართავენ და თანხას ამჯერად სხვა, მძიმედ დაავადებული ბავშვების გადასარჩენად შეაგროვებენ.    

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი