„შვილმა დამირეკა, ასეთი რაღაც მოხდა, მედეა ვასაძემ გამლახაო. დაცვას იძულების წესით წაართმევინეს ტელეფონი და თმებით მათრიესო. დანარჩენი არაფერი არ ვიცი, ახლა მყავს საავადმყოფოში გადმოყვანილი და ვნახოთ, რა იქნება,“ – ამბობს დიანა დიასამიძის მამა თემურ დიასამიძე.
მისი თქმით, ტელეფონი მის შვილს მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც დაცვამ გადაამოწმა, იყო თუ არა ტელეფონში რაიმე ჩანაწერი.
თემურ დიასამიძის თქმით, მის შვილს უმაღლეს საბჭოში განცხადება ჰქონდა შეტანილი, სწორედ ამ განცხადებაზე პასუხის მისაღებად მივიდა დღეს დეპუტატთან.
ცემის ფაქტს უარყოფს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე.
„ეს მოქალაქე ბატონ ბიძინა ივანიშვილს სთხოვდა დახმარებას. ქართუ ჯგუფმა განიხილა ეს განცხადებები და დააკმაყოფილა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საჩუქრებს. ქართუ ჯგუფმა მას გადასცა საჩუქრად ველოსიპედი. ქალბატონს თავდაპირველად არ უნდოდა მიღება. თუმცა შემდეგ ეს ველოსიპედი წაიღო. დღეს ამოსულა, საშვი გამოუწერია სხვა კომისიაზე. დამხვდა მისაღებში. შეხვედრაზე კატეგორიულად მომთხოვა ხელშეკრულების ასლი, მე ვუთხარი, ეს ასლი მე არ მაქვს, ეს ასლი აქვს ქართუ ჯგუფის წარმომადგენელს. შემდეგ ითხოვდა განცხადების ასლს. ბოლოს მითხრა, შე გაფუჭებულო ქალო, შენი ლაპარაკი ჩავიწერეო. არაფერი ისეთი არ მითქვამს, დერეფანში გავედი, დავუძახე დაცვას და ვუთხარი, გაიყვანეთ შენობიდან-თქო,“ – აცხადებს მედეა ვასაძე.
თემურ დიასამიძის თქმით, მისმა შვილმა ველოსიპედი ნამდვილად მიიღო, თუმცა ის ფინანსურ დახმარებას ითხოვდა.
„უმადური და ქუჩის ქალი ყოფილხარო, იმან უთხრა და ამაზე ატყდა ამბავი” – ამბობს თემურ დიასამიძე.
დღესვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში იმყოფებოდნენ დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლები.
„შეტყობინება შემოვიდა ჩვენთან, მამა მოვიდა და გვითხრა, რომ მისი შვილი ნაცემია უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მხრიდან. ჩვენ წავედით რეაგირებისთვის, როდესაც მივედით, სიტუაცია დაგვხვდა განმუხტული. დაგვხვდა ქალბატონი შესასვლელში შოკურ მდგომარეობაში, ტიროდა. ეს ქალბატონი გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში,“ – აცხადებს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი მარიკა ჩხუბაძე.
დიანა დიასამიძე ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა დაბა ჩაქვის პოლიცია. დაზარალებულის მამის განცხადებით, ისინი დეპუტატისათვის ჩივილს აპირებენ.