ახალი ამბები

უნდა მიიღოს თუ არა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერას საჩუქარი?

3 ნოემბერი, 2017 • 2872
უნდა მიიღოს თუ არა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერას საჩუქარი?

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უკვე ხუთი დღეა, საზოგადოებას ვერ სცემს პასუხს კითხვაზე – მიიღებს თუ არა მაუწყებელი ყოფილი პრემიერის შვილისგან ძვირადღირებულ საჩუქარს. სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრის აზრით, ეს საფრთხეს შეუქმნის მაუწყებელს, პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აზრი ორად არის გაყოფილი – მათი ნაწილი თვლის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ძალიან კარგია ეს საჩუქარი იმ პირობით, თუ ეს არ განაპირობებს რაიმე ვალდებულებებს. არის მეორე ვარიანტიც – ამ საკითხზე გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს და მაუწყებელმა უარი თქვას საჩუქარზე, რათა საზოგადოებაში არ დატოვოს კითხვის ნიშნები შესაძლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევაზე.

ჯერჯერობით არ ვიცით საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც მენეჯმენტის წევრმა, თიკო ბერძენიშვილმა განგვიცხადა, მიიღებენ თუ არა ბერას საჩუქარს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პირველი არხის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭო თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს – როგორც ქონების ყიდვაზე, ასევე გაყიდვაზე.  2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 46.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ამ თანხის 1% შეადგენს 464 ათას ლარს, ხოლო ბერას მიერ საჩუქრად გამზადებული ქონება ამ თანხას შესაძლოა რამდენჯერმე აღემატებოდეს, რადგან მხოლოდ დროებითი სარგებლობისთვის (ქირა) საზოგადოებრივი მაუწყებელი მის კომპანიას 372 011 ლარს უხდიდა. გარდა განათებისა, როგორც მუსიკოსი ამბობს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველა იმ აპარატურას აჩუქებს, რაც მის სტუდიას არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, მაუწყებლის მენეჯმენტმა შეიძლება თქვას, რომ ეს არის საჩუქარი, რომლის ღირებულებაზეც არ შეიძლება იყოს საუბარი და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლება თავად დაიტოვოს.

სამეურვეო საბჭოს წევრი, სულხან სალაძე ამბობს, რომ ქონებას თავისთავად უკვე აქვს ღირებულება, ხოლო კანონში არსად წერია, რომ თანხმობას ბორდი მხოლოდ მაშინ გასცემს, როცა მაუწყებელი ფულს ხარჯავს. მისი თქმით, ცალსახაა, რომ ბერას მიერ საჩუქრად გამზადებული ქონება მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ზე მეტია, რის გამოც აუცილებელია საბჭოს თანხმობა. სალაძე თვლის, რომ ეს არასწორია და მაუწყებელმა არ უნდა მიიღოს აღნიშნული ქონება.

“მაუწყებლის კანონის მიზანი არის – არა უბრალოდ აღკვეთოს პოლიტიკური ან ეკონომიკური გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელში, არამედ მოახდინოს პრევენცია მსგავსი ტიპის გავლენებისა. შესაბამისად, თუ ამ ქონებას მიიღებს, ეს გაზრდის ალბათობას, რომ მაუწყებელი მოექცეს რაღაც ტიპის ეკონომიკური ან პოლიტიკური გავლენის ქვეშ,” – ამბობს სულხან სალაძე.

იურისტის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია არ გააფორმოს კონტრაქტი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ბერას კომპანიამ თავის დროზე უკვე გაიმარჯვა ტენდერში, არ შეუშლია მაუწყებლისთვის ხელი, ხელშეკრულება არ გაეფორმებინა და, როგორც ჩანს, ჯერ არც არის გაფორმებული.

“აპრილი-მაისში, როდესაც დამტკიცდა გადაიარაღების გეგმა, ერთ-ერთ პუნქტად ეწერა განათების შესყიდვა. საინტერესოა, რა გააკეთა მენეჯმენტმა ამ დრომდე, რომ ეს შესყიდვა დაწყებულიყო, გამოაცხადა თუ არა ტენდერი? ბუნებრივია, ამას საქართველოში ვერ იყიდდა. ეს ტექნიკა უნდა ეყიდა საზღვარგარეთ, რომელიც ჯამში, შესაძლოა რამდენიმე მილიონის ღირებულებისაც იყოს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია – დაიწყო თუ არა ეს პროცედურები? თუ პროცედურები არ დაუწყია მაუწყებელს და ეს გეგმაც დევს, როდის და რა უნდა დაწყებულიყო 2017 წელს, თუ 2017 წლის გეგმაში ჩანს, რომ განათებაც უნდა ეყიდა, ან დაეწყო ამ ტექნიკის შესყიდვის პროცესი მენეჯმენტს და არ დაუწყია, ლოგიკურად ჩნდება კითხვა – რატომ არ დაიწყო და რას ელოდებოდა? როდესაც “რეალური სივრცე” და სხვა გადაცემები გაჩერებული გაქვს, ხოლო ახლა უცებ ორი გადაცემისთვის ქირაობ ამ ქონებას, ცხადია, ჩნდება პოლიტიკურ გავლენებზე ეჭვი,” – აცხადებს სულხან სალაძე.

როგორც სულხან სალაძემ განგვიცხადა, ბერას საჩუქართან დაკავშირებით ჯერჯერობით სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის არავის არაფერი უთქვამს. ამ საკითხზე არც ელექტრონულად უცნობებიათ მისთვის რამე. ჩვენი ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს უმრავლესობა არ ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერის შვილის საჩუქრის მიღებით გარკვეული პოლიტიკური გავლენების საფრთხე შეიძლება არსებობდეს ან საზოგადოებაში გაჩნდეს ამის შესახებ კითხვის ნიშნები.

სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, იმის გამო, რომ ბერა ვიღაცას არ მოსწონს, რა შეხედულებებისაც არ უნდა იყოს, მას ვერავინ აუკრძალავს კანონიერ საქმიანობას. გოგელიას თქმით, ამ დრომდე კანონი არ დარღვეულა, ხოლო რაც შეეხება საჩუქარს, მისი პირადი აზრით, ყველასგან უნდა მიიღოს მაუწყებელმა საჩუქარი.

“მაგალითად, მე ყველასგან მივიღებდი საჩუქარს… ისეთ მდგომარეობაშია მაუწყებლის ტექნიკა და იმდენი ფული უნდა დავხარჯოთ ამაში, რომ მივიღებთ საჩუქარს ერთი პირობით – ეს საჩუქარი თუ არ განაპირობებს რაიმე ვალდებულებებს ჩვენი მხრიდან, შინაარსობრივს და ა.შ. თუ ჩავეტევით მაწუყებლის კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებში, რაც გულისხმობს ეთიკურ, ობიექტურ და მრავალფეროვან ჟურნალისტიკის,” – ამბობს სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი.

გრიგოლ გოგელიასთვის საქართველოს ყოფილი პრემიერის შვილისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობის ამბავი სასაცილო ხდება: “მე ვერავის ავუკრძალავ, აწარმოოს და ჰქონდეს ბიზნესი; ვერც იმას ავუკრძალავთ ვერავის, მიიღოს თუ არა ტენდერში მონაწილეობა. მთავარია, ეს ტენდერი ჩატარდეს კანონის დაცვით. მე ინდივიდულურად რა ეჭვი მაქვს, ამას ჩემთვის შევინახავ იმიტომ, რომ რასაც ვერ ვამტკიცებ, იმაზე არ ვსაუბრობ.”

  • 24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბერა ივანიშვილის კომპანიისთვის ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარი უნდა გადაეხადა. ამ კომპანიის დირექტორი რეჟისორი გოგოა ხაინდრავაა. მაუწყებელს განათება სჭირდება გადაცემისთვის “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად” და, როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, კიდევ ერთი გადაცემისთვის.
  • 30 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა იმ ტექნიკის არსებობის შესახებ, რომელიც კინოსტუდიას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უნდა მიექირავებინა, და ისიც კი არ იცოდა, რომ მისმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში. ბერას თქმით, ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა ამბავს აჟიოტაჟი მოჰყვა და ცალკეულმა ადამიანებმა ამ ფაქტით სპეკულირება სცადეს. როგორც ყოფილი პრემიერის შვილი აცხადებს, განათებას და ყველა სხვა აპარატურას, რომელიც მისი კინოსტუდიის განკარგულებაშია და არ სჭირდება, საჩუქრად გადასცემს პირველ არხს.
  • 27 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 484 000 ლარის ღირებულების ტენდერი გიორგი ხაინდარავას კომპანიამაც მოიგო, რომელიც დეტექტიური ჟანრის სერიალს გადაიღებს.

[red_box]თქვენ როგორ ფიქრობთ?[/red_box]


მასალების გადაბეჭდვის წესი