ახალი ამბები

ბერა ივანიშვილი: მინდა ტექნიკა საჩუქრად გადავცე პირველ არხს

30 ოქტომბერი, 2017 • 5117
ბერა ივანიშვილი:  მინდა ტექნიკა საჩუქრად გადავცე პირველ არხს

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერთან დაკავშირებით, რომელშიც მისმა კომპანიამ გაიმარჯვა:

“მოგესალმებით ყველას, ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც ჯიდიესი შეიძინა ტელეკომპანია იმედმა, ტექნიკის გარკვეული ნაწილი, რომელიც კინოგადაღებებისთვის გამოიყენებოდა, ნასყიდობის ხელშეკრულების მიღმა დარჩა. ჩემთვის ამ ტექნიკის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და მის შესახებ სწორედ ამ აჟიოტაჟის წყალობით შევიტყვე. მე არც ტენდერის შესახებ ვიცოდი და ცხადია, რომ ამით მატერიალური სარგებლის მიღება ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა. და ბოლოს, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს ტექნიკა, რომელიც არ სჭირდება ჩემს სტუდიას, სამაგიეროდ სჭირდება პირველ არხს, მინდა, რომ ეს ტექნიკაც და ყველა სხვა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია და არ სჭირდება კინოსტუდიას, საჩუქრად გადავცე პირველ არხს”, – წერს ბერა ივანიშვილი ფეისბუკის გვერდზე.

“ნეგაზეთი” ცდილობდა, როგორც ბერა ივანიშვილის სტუდიასთან, ისე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტთან დაკავშირებას, თუმცა, გოგა ხაინდრავამ, ვასილ მაღლაფერიძემ და ია ანთაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდის.

23 ოქტომბერს დასრულებული ტენდერის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბერა ივანიშვილის კომპანიისგან 346 098 ლარად იქირავებს განათებას  გადაცემისთვის “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად”.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბერას კომპანიას 400 ათასამდე ლარს უხდის

GPB ხაინდრავას კომპანიას სერიალის გადაღებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე გადაუხდის

საზმაუს ფუნქცია კერძო კომპანიის შემოსავლებზე ზრუნვა არაა – მსხილაძე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი