ახალი ამბები

ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო სასკოლო წიგნების გადაცემა გადაწყვეტილი არ არის

24 ივნისი, 2013 •
ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო სასკოლო წიგნების გადაცემა გადაწყვეტილი არ არის

კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი იმისა, რომ ის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც რუსულენოვან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში სწავლობენ, ქართულენოვანი სკოლების მსგავსად, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებენ, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ სამინისტროში ეს საკითხი ფაქტიურად მოგვარებულად მიიჩნევა. 

 

“იყო მომენტი, როცა ეს კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო. ახლა, ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეს საკითხი გადაწყვეტილია.  მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო გამომცემლობებსა და სამინისტროს შორის. ეს საკითხი სამინისტროში მიგვაჩნია ფაქტიურად მოგვარებულად. იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება,”- განაცხადა მარგველაშვილმა დღეს, 24 ივნისს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.  

 

საკითხს გადაწყვეტილად არ მიიჩნევენ თავად გამომცემლობები, რომელთაც კუთვნილი, არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოების სასწავლო მასალები სამინისტროსთვის არ გადაუციათ. აღნიშნულ საკითხზე სამინისტროსა და გამომცემლობების წარმომადგენელს შორის მორიგი შეხვედრა სამინისტროში დღეს იმართება.

 

“არაფერი გადაწყვეტილი არ არის. რამდენიმე დღეში უფრო კონკრეტულად შეიძლება ამაზე საუბარი. ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვიმყოფებით, როგორც ყოველთვის, არათანაბარ სიტუაციაში, სამინისტრო ისევ ძალადობს, იყენებს თავის რესურსებს. არ მოწონთ ჩვენი პირობები, ფასები. ჩვენ ვთავაზობთ გადაგვიხადონ ჰონორარი ჩვენი კუთვნილებისთვის და თავად დაბეჭდონ. სამინისტრო გვთავაზობს ამ წიგნების თავად დაბეჭდვას. ძალიან დიდია რისკია, ეთნიკური უმცირესობები უფასო სახელმძღვანელოების გარეშე დარჩენენ, თუ ასეთი გზით გააგრძელდება მოლაპარაკებები. აქამდე ეს წიგნები უკვე დაბეჭდილი გვექნებოდა, თებერვალშივე ვეუბნებოდით სამინისტროს, რომ პრობლემები იქნებოდა, მაგრამ მაშინ ჯერ ჩვენთვის ქართულენოვანი სახელმძღვანელობის წართმევაზე ფიქრობდნენ.”- ამბობს გამომცემლობა “ინტელექტის” ხელძღვანელი კახა კუდავა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი