კითხვას, არის თუ არა მისთვის პრობლემა ლევან ვასაძესთან საჯარო გამოჩენა, რომელმაც რადიკალური განცხადება გააკეთა უმცირესობების მისამართით და გაამართლა მათ მიმართ ძალადობა, მარგველაშვილი პასუხობს, რომ ვასაძის განსხვავებული პოზიცია მასთან მეგობრობაში ხელს არ უშლის.
“სხვათა აზრის პატივისცემას უნდა შევეჩვიოთ, რამდენადაც არ უნდა იყოს ეს აზრი ჩვენთვის მისაღები. მე და ლევანი, რომლებიც ბავშვობის მეგობრები ვართ, ერთად ვიყავით სენაკში ჩვენს მესამე მეგობართან და წავედით მეუფე შიოსთან, რომელმაც ის სკოლა გახსნა. სკოლის დაფუძნებაში მე ვეხმარებოდი, მის ფინანსურ გამართვაში ლევანი ეხმარებოდა. სამივე იქ ყოფნა მნიშვნელოვანი იყო. კარგია, რომ ქართველი ბიზნესმენები განათლებაში ფულს დებენ.
შესაძლებელია, რომ ერთ საზოგადოებაში ვცხოვრობდეთ და განსხვავებულად ვხედავდეთ მოვლენებს, მაგრამ ეს არ ქმნის კონფლიქტს ჩვენ შორის. არ არის ჩემთვის სირთულე ლევანთან ან სხვასთან მეგობრობის გაგრძელების. თუ ერთმანეთს დავკარგავთ იმის გამო, რომ სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს, კიდევ უფრო დავაზიანებთ საზოგადოებას,”- განაცხადა მარგველაშვილმა დღეს, 24 ივნისს, პრესკონფერენციის დროს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, არასწორია, როდესაც ვასაძის შეხდულებებზე კომენტირებას მას სთხოვენ.
“სერიოზულად მთხოვთ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, კომენტარი გავუკეთო ადამიანის შეხედულებებზე? მე პატივს ვცემ ყველა პოზიციას და მჯერა, რომ საქართველოში ყველა შეხედულებას არსებობის უფლება აქვს მანამ, სანამ ძალადობა არ განხორციელდება. დანარჩენი არასერიოზულია მთხოვოთ, მე კომენტარი გავაკეთო მის შეხედულებებზე.”
საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) და ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიას 21 ივნისის ეწვია.