ახალი ამბებისამართალი

მოქალაქის ცემაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელები 2000-ლარიანი ჯარიმით დაისაჯნენ

2 ნოემბერი, 2017 • 2389
მოქალაქის ცემაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელები 2000-ლარიანი ჯარიმით დაისაჯნენ

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ზ.ფ-ს მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო კასპის პოლიციის 3 ყოფილი თანამშრომელი.

გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის ზომად დაეკისრა ჯარიმის გადახდა 2000 ლარის ოდენობით.

ზ.ფ. აცხადებს, რომ 2015 წლის 4 აპრილს პოლიციის თანამშრომლებმა თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან იძულებით ჩასვეს ავტომობილში და სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინციდენტის წინაპირობა, ზ.ფ-ს განმარტებით, მისი მეუღლის მისამართით პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეურაცხმყოფელი საქციელი იყო, რის გამოც პროტესტი გამოთქვა, ამას კი პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა.

“ძალადობრივი ფაქტიდან ერთი თვის შემდგომ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო  პროკურატურამ ზ.ფ. ცნო დაზარალებულად, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს, ერთი წლის მანძილზე ჭიანურდებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მოწოდებისა და მიმართვის შედეგად, 2016 წლის მაისში პოლიციის თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ. ისინი პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოები მართლმსაჯულებას უნდა ახორციელებდნენ  ეფექტიანად და მოქალაქე წლების მანძილზე არ უნდა ელოდებოდეს  სამართლიან გადაწყვეტილებას. ზ.ფ-ს საქმემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას თანმდევი სისტემური პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პირობებშია შესაძლებელი.

აუცილებელია, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც ბევრად უფრო ეფექტიანი და მიუკერძოებელი იქნება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულების გამოძიებისას”, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი