კოპალიანმა დღევანდელ შევედრაზე ქუთაისის თვითმმართველობაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზეც ისაუბრა:
„რეორგანიზაცია უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, იქნება მიმართული მხოლოდ სისტემაზე და არა – პერსონალიებზე. პირდაპირ მინდა ვთქვა, ეს მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი პროცესია. აქ დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი ძალიან დიდია. ევროპისა და შეერთებული შტატების ყველაზე დიდ ქალაქებში ეს რიცხვი საშუალოდ 100-დან 400-მდე მერყეობს, სადაც მოსახლეობა 2 მილიონიდან 5 მილიონამდე მერყეობს. რვაასამდე ადამიანი ჩვენს ქალაქში მძიმე ტვირთად აწევს ისედაც მწირ ბიუჯეტს, რომელსაც შეიძლება ფორსმაჟორული ბიუჯეტი ეწოდოს. მესმის იმ ადამიანებისაც, რომლებისთვისაც საჯარო სამსახურში მიღებული ხელფასი, წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, სოციალური შემწეობის დატვირთვის მატარებელი იყო, მაგრამ გასაკეთებელია პრინციპული არჩევანი: ან ეფექტიანი მერია, განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა მოქალაქეებისთვის, ან ღატაკი ქალაქი, რომლის ერთადერთი ფუნქცია რამდენიმე ასეული ადამიანი რჩება. მე, როგორც ქუთაისის მერი, ვაკეთებ არჩევანს განვითარებაზე. მაქვს ამ ქალაქის ჭეშმარიტი გულშემატკივრების, რიგითი ადამიანების მხარდაჭერის იმედი და მახსოვს ჰორაციუსის სიტყვები, რომლებიც უნდა გახდეს ჩვენი საერთო წარმატებების საწინდარი: ვინც დაიწყო, საქმის ნახევარი გააკეთა.“
კოპალიანის განმარტებით, ამ დროისთვის მერიის აპარატის 85 თანამშრომელია გათავისუფლებული, რაც საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს, თუმცა, როგორც კოპალიანი ამბობს, ეს საბოლოო მაჩვენებელი არ არის და რაოდენობა გაიზრდება:
„პროფესიონალიზმს ვუყურებდით ჩვენ, აგრეთვე, გამოცდილებას. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს უმტკივნეულო ყოფილიყო მერიისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა ეს მტკივნეული იყო და მე თვითონ ბევრს შევხვდი, გავესაუბრე და ეს გადაწყვეტიელება, რა თქმა უნდა, ძნელია. მე ვთხოვ იმ ხალხს, ვინც დაწერა განცხადება, მიიღონ მონაწილეობა საატესტაციო კონკურსში. ახლა ვინც არიან, ისინიც არიან დროებით და პირველიდან იქნება კონკურსი, ტესტირება და საატესტაციოთი მოხდება შერჩევა.“
რაც შეეხება გათავისუფლების კრიტერიუმებს, კოპალიანი აცხადებს:
„სხვადასხვა თანამშრომლები გვაწვდიან ინფორმაციას თავიანთ პროფესიონალიზმზე, ჩვენ გვიწევს საუბარი სხვადასხვა ხალხთან და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. მე პირადად ვესაუბრები სხვადახვა კატეგორიის ხალხს, აპარატს, აგრეთვე, ვესაუბრები პროფესიონალებს, განყოფილების უფროსებს და მოადგილეებს და ამ აზრების გათვალისწინებით… ასე რომ, უბრალოდ, ადამიანს ხაზი გადაუსვა, ეს არ ხდება, ჩვენ ვითვალისწინებთ ბევრ ფაქტორს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ყველას, ვინც კი მიდის, აქვს შესაძლებლობა, რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.“
კოპალიანმა ასევე განახადა, რომ რამდენიმე მინისტრთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. გარდა ამისა, მისივე თქმით, აქტუალურად ესახება შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან:
„უახლოეს დღეებში ვგეგმავ შეხვედრებს სხვადასხვა მინისტრებთან, მათ შორის ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვის მინისტრებთან. მაქვს საკითხების კონკრეტული ჩამონათვალი და დიდია იმედი იმისა, რომ დაგვიდასტურონ მხარდაჭერა ქუთაისის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების ჩვენეულ სტრატეგიასთან მიმართებაში. აქვე უნდა განვაცხადო, რომ ძალიან აქტუალურად და საჭიროდ მესახება შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მჯერა, ამ შეხვედრას მოყვება მკვეთრი გარღვევა შემდგომში ქუთაისის სწორი ფუნქციების, დატვირთვისა და აღმასვლის სფეროში.“
ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე მიიჩნევს, რომ თანამშრომლების დათხოვნის პროცესი პოლიტიკურია და თუ თანამშრომლები გადაწყვეტენ, საქმე სასამართლოში გააგრძელონ, პროცესს მოიგებენ:
„გათავისუფლების საქმეები თეთრი ძაფითაა შეკერილი, ეს პოლიტიკური პროცესია. მე არ ვიცი, ვინ გადაწყვეტს, პროცესი სასამართლოში გააგრძელოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში სასამართლო პროცესს მოიგებენ.“