პრეზენტაცია, რომლის მიზანი კომპაქტის ხელმოწერისა და დაწყების მოსამზადებელი ეტაპის კუთხით მიღწეული პროგრესის წარმოჩენაა, დღეს, 24 ივნისს იმართება.
შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველშვილი, აშშ-ს ეილჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკ- ნიკოლასი და MCA საქართველოს აღმასრულებელიი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ზურაბიშვილი ესწრებიან.
“ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობას მოქალაქეთა უზრუნველყოფა წარმოადგენს იმ განათლებითა და უნარებით, რაც მათ სჭირდებათ მოდერნიზებულ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად. კომპაქტი გააძლიერებს საქართველოში არსებულ სასწავლო, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ისე, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ის უნარები, რაც პირდაპირ კავშირშია მრეწველობასთან, რომელიც იწვევს ეკონომიკურ ზრდას,”- აცხადებს დანიელ იოჰანესი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.
კომპაქტი, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს 2013 წლის ზაფხულში, სამი პროექტისგან შედგება. პირველი, ეს არის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი, რომლის მიზანი იქნება სკოლების რეაბილიტაცია, პედაგოგთა და სკოლის ხელმძღვანელთა მომზადება და საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერა. ასევე, პროექტის მიზანია ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაბამისი ტექნიკური უნარების მქონე საქართველოს მოქალაქეებით. გარდა ამისა, STEM-ის უმაღლესი განათლების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთი ან მეტი ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორების მოზიდვა მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკური განათლების მოდერნიზების მიზნით და მაღალი ხარისხის პრგრამების შეთავაზება, რამაც, გათვლებით, ხელი უნდა შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას.
“იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მიმდინარეობს საუბრები პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის შესახებ, ეს ღონისძიება საქართველოში ემსახურება სხვადასხვა ინსტიტუტების გაძლიერებას. დიდი ვადა სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტების აგებასა და განვითარებას და ეს ყველაფერი განათლებით იწყება,” -განაცხადა მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა.