ახალი ამბები

“შეუწყნარებლობას და ძალადობას ევროკავშირისგან მეტი ყურადღბა სჭირდება” – პეტიცია შტეფან ფულეს

23 ივნისი, 2013 •
“შეუწყნარებლობას და ძალადობას ევროკავშირისგან მეტი ყურადღბა სჭირდება” – პეტიცია შტეფან ფულეს

“გთხოვთ, ევროკავშირმა მეტი ყურადღება დაუთმოს საქართველოში შეუწყნარებლობისა და ძალადობის პრობლემებს. დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლით ქვეყანამ ევროპისკენ ნაბიჯი გადადგა. მივესალმებით, რომ ახალი ხელისუფლება ევროატლანტიკური კურსის უცვლელობაზე საუბრობს, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ევროპული ფასეულობები საქართველოში მნიშვნელოვნად ილახება.

 

გასული თვეების განმავლობაში საქართველოში უმცირესობების მიმართ ძალადობის ტალღა აგორდა. მიგვაჩნია, რომ ქსენოფობიურ აგრესიას, რომელიც არც აქამდე ყოფილა უცხო ქართული სინამდვილისათვის, კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა და ასევე დაუსჯელობის ის განცდა, რომელიც ხელისუფლების უმოქმედობას ან არასათანადო რეაგირებას ძალადობასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ლოგიკურად მოჰყვება.

 

შეუწყნარებლობამ პიკს 17 მაისს, ჰომოფობიური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის დარბევისას მიაღწია.

 

მივესალმებით საქართველოს მთავრობის წევრთა იმ განცხადებებს, სადაც ისინი მკაფიოდ აღნიშნავენ, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების ქმედება შეუსაბამოა ამ განცხადებებთან.

 

მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ასე იაზრებს ხელისუფლების როლს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში: „საერო ხელისუფლებს ორი მოვალეობა გვაქვს, ერთი – დავიცვათ ადამიანის უფლებები და კანონი იყოს ყველასთვის კანონი. მეორე მოვალეობა კი ის არის, ამ ვალდებულებების შესრულებისას არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ეკლესიაში არის ერთი ისეთი ნათელი წერტილი, როგორიც კათოლიკოს-პატრიარქია, ის დღეს გარკვეულ ასაკშია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“. ცხადია, რომ სულიერი ლიდერისა და კანონის პატივისცემის ერთ საფეხურზე დაყენება იუსტიციის მინისტრის მხრიდან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ახალისებს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მოძალადე ჯგუფებს.

 

ამავდროულად, მთავრობისა და პარლამენტის რამდენიმე წევრი, მოვლენათა შეფასებებისას, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავად შეკრებილ ადამიანთა ჯგუფს პროვოკაციაში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათი დაცვა იდეალურად უზრუნველყო.

 

იმავეს იმეორებს მინისტრი ღარიბაშვილი, რომელიც თავისი უწყების მოქმედებებში შეცდომას ვერ ხედავს.

 

საყურადღებოა ისიც, რომ შს უწყების მოქმედების წარმატებულობის აღნიშვნისას ხაზი ესმება მხოლოდ 17 მაისის დემონსტრანტთა სიცოცხლის ხელყოფისათვის ხელის შეშლას, ხოლო ყურადღების მიღმა რჩება და მეორეხარისხოვან ადგილზე ინაცვლებს ის, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის კონსტიტუციური უფლება, გამართონ შეკრება და მანიფესტაცია კანონით დადგენილ ფარგლებში, კონტრდემონსტრანტებმა წარმატებულად გათელეს და ამაში მათთვის ხელი არავის შეუშლია. 

 

გარდა ამისა, გვსურს, თქვენი ყურადღება შევაჩეროთ იმაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენი სახელის გამოყენებით ცდილობს თავის მართლებას და ამტკიცებს, რომ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ დაგრჩათ – „ევროკომისარმა შტეფან ფულემ პირდაპირ მითხრა, თქვენ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მეც ასე მოვიქცეოდიო“, – ამბობს ის ადგილობრივ ტაბლოიდთან ინტერვიუში. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული განცხადება არასწორი ინტერპრეტაციის ან კონტექსტის შედეგია. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მრავლადაა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრალი წაეყენა მხოლოდ 8 ადამიანს, მათ შორის – 2 სასულიერო პირს. მათგან ოთხი პირი მეორე დღესვე გათავისუფლდა 40 ევროს ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ. ხოლო დანარჩენ ოთხს, მათ შორის, ორ სასულიერო პირს, აღმკვეთი ღონისძიება არ შეფარდებიათ. ეს მაშინ, როდესაც ისინი და სხვა მრავალნი ყველას დასანახად ძალადობდნენ უფლებადამცველებზე და ღიად, ძალადობრივი მოწოდებებით აქეზებდნენ მრევლს უმცირესობის წინააღმდეგ.

 

დაუსჯელობის განცდამ ქვეყანაში „კუდიანებზე ნადირობის“ სეზონი გახსნა. ათეულობით ადამიანს ქუჩაში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სცემენ. განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ინდიკატორი მოძალადე პირებისა თუ ჯგუფებისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი გარეგნული ნიშანი: განსხვავებული ვარცხნილობა, ფერადი სამოსი და ა.შ. ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან არასრულწლოვნებიც. 

 

იკვეთება ადამიანთა კლასიფიკაცია უფლებებისა და „უფრო მეტი უფლებების“ მქონე ადამიანებად, და ამ უკანასკნელთა შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი მოიაზრება; ამას მოწმობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელისას განცხადებაც. 13 ათასამდე ხელმომწერის მოთხოვნას, პარლამენტს შეეფასებინა და ემსჯელა 17 მაისის მოვლენებზე, მან უპასუხა, რომ კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას; ასევე ეჭვქვეშ დააყენა ხელმოწერათა რაოდენობა და ორგანიზატორები ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა.

 

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას 17 მაისთან დაკავშირებით. თუმცა მიგვაჩნია, რომ საქართველოში კანონის წინაშე თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების დაცვა საჭიროებს ევროკავშირის მიერ უფრო აქტიურ მხარდაჭერას.

 

ცხადია, ქსენოფობიასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა თავად ქართული საზოგადოების პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან კომუნიკაციისას უფრო მკაფიო იყოს ისეთი პარტნიორის პოზიცია, როგორიც ევროკავშირია. 

 

გთხოვთ, საქართველოს ხელისუფლებას უფრო ნათლად განუმარტოთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის, რომ საჭიროა მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ძალადობრივი ჯგუფების იდენტიფიცირებისა და დასჯის კუთხით; რადგან ხელისუფლების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენლის ზოგადი რიტორიკა მარგინალიზებული ჯგუფების ინტერესების დაცვის შესახებ მთავარი ტესტი ვერ იქნება ქვეყნისათვის ევროინტეგრაციის პროცესში”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი