“თავისთავად იარაღის საწყობები რომ კეთდებოდა, ამაში ახალი არაფერი არაა ჩემთვის, არც ახალი მთავრობისთვის, არც თავდაცვის სამინისტროსთვის. იარაღის საწყობებში ვიდეოკადრები რომ არ იყო, მე მგონი, ყველა ვხვდებით. კაგებეს მეთოდები სხვა თემაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს ხელი წაუცდა კრიმინალზე, უნდა დაისაჯოს. იმის ლაპარაკი, რომ მასობრივად ან ბევრი რაოდენობის ხალხს ასეთი რაღაც ხდებოდა, ჩვენ ხომ ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სიცრუეში ხომ არ ვცხოვრობდით, ვცხოვრობდით ჩვენს ქვეყანაში, ორი ფეხი გვედგა მიწაზე. ჩვენ ვხედავდით, რომ პოლიციაში იყო ათასჯერ უკეთესი სიტუაცია, ვიდრე ოდესმე. ადრე მასობრივად იყო ეს ყველაფერი და რამდენიმე ასეული პოლიციელი დავსჯეთ. ვიღაცას კიდევ წაუცდა ხელი და ალბათ ვიღაცა ვერ დავსაჯეთ. ყველა დროში, ყველა მთავრობაში არსებობენ არამზადები”– განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომატირებელი მასალები.
შსს–ს ინფორმაციით, სამალავში საბრძოლო მასალის გარდა აღმოჩენილია სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.
21 ივნისს კი, გადაცემა “პოზიციაში” შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრომ გუშინ კიდევ 4 კასრი აღმოაჩინა. მისი თქმით, ეს ისევ სამეგრელოში იქნა ნაპოვნი, თუმცა მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა: “აქ არის დოკუმენტები და ვიდეომასალები. დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერები აჩვენა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მედიის წარმოამდგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ჩანაწერების ჩვენება დატოვა.
