“ნამდვილად არ ვაპირებ ამის შეფასებას იმიტომ, რომ ბევრი რაღაც არ განვითარდა ისე, როგორც იყო ანონსირებული, ბევრი რაღაც აღმოჩნდა სრული ბლეფი და ტყუილი. ბოლო თვეებში ტყუილი ინტენსიურად შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში. ეს ძველი მეთოდებია, პოსტსაბჭოთა სივრცის სინდრომი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ სინდრომიდან შორს წავსულიყავით. ამიტომ ამ სიტუაციაში, როცა ეკონომიკა არ არის კარგად, რუსეთი აგრძელებს პროვოკაციას, საერთაშორისო იზოლაციისკენ მივექანებით, სამწუხაროდ, ძალიან სწრფად, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, სად ვიქნებით ქართულ პოლიტიკაში, არაფერი არ უნდა იყოს საკუთარ თავზე მორგებული, უნდა ვიფიქროთ იმაზე, სად იქნება საქართველო. რა იქნება მისი მომავალი და როგორ უნდა გადავლახოთ გამოწვევები. საკუთარ თავზე ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ და მეტი უნდა ვილაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის ბედზე”– განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონეთის მედიის ერთ–ერთ წარმომადგენელს postimees.ee–ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც პრემიერი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს.
“ვაპირებ მალე დავტოვო პოლიტიკა. როგორც კი სააკაშვილი წავა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, მხოლოდ რამდენიმე დღე გავრჩერდები პოლიტიკაში. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ შორის საინტერესო პრეზიდენტი იქნება არჩეული. გვყავს ძალიან კარგი პარლამენტის სპიკერი. მაქვს იდეა, ვინ შეიძლება ჩემი საკუთარი ადგილი დაიკავოს. არ მინდა და ეს საქართველოს პოლიტიკისთისაც ცუდი იქნება, ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი სამი თანამდებობის გარდა, მჯერა, რომ ისინი სუფთა ადამიანები, დემოკრატები იქნებიან. აუცილებეილია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი მედია. ახალი სისხლია საჭირო”– განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი პრემიერ–მინისტრის პოსტს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იკავებს. კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი კი ამჟამად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილია.





