ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ–გვერდზე უკვე გამოქვეყნდა დღის წესრიგი. აღნიშნული დებატი ხვალ, 24 ივნისის დღის წესრიგშია ჩასმული. საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში უკვე გაემგზავრა.
საპარლამეტო უმარვლესობის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, მას წამების ამსახველი ვიდეომასალა სტრასბურგში მიაქვს.
“მე პირადად შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელი მოვაწერე შესაბამის დოკუმენტს ამ ინფორმაციის საჯაროდ ჩვენების დაუშვებლობის შესახებ და მიმაქვს ეს ვიდეო იმისათვის, განასკუთრებით საქართველოს მომხსენებლებისთვის, იმიტომ, რომ როდესაც ამ ადამიანების პირდაპირი მოვალეობა და ფუნქციაა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების კვლევა, რა თქმა უნდა, მათ უნდა იცოდნენ იმ ბოლო მოვლნების შესახებ, რომელიც ქვეყანაში ვითარდება.”– განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომეტირებელი მასალები.
შსს–ს ინფორმაციით, სამალავში საბრძოლო მასალის გარდა აღმოჩენილია სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.
21 ივნისს კი გადაცემა “პოზიციაში” შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრომ გუშინ კიდევ 4 კასრი აღმოაჩინა. მისი თქმით, ეს ისევ სამეგრელოში იქნა ნაპოვნი, თუმცა, მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა: “აქ არის დოკუმენტები და ვიდეომასალები. დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერები აჩვენა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მედიის წარმოამდგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ჩანაწერების ჩვენება დატოვა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო პლენარული სესია 24–დან 28 ივნისამდე გაგრძელდება.