ახალი ამბები

ივანიშვილი: ფარული ჩანაწერების განადგურების გადაწევის გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდები

22 ივნისი, 2013 •
ივანიშვილი: ფარული ჩანაწერების განადგურების გადაწევის გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდები

“მე როგორც ვიცი, გავლენა მოახდინა ბოლო მოვლენებმა, რაც სამეგრელოში აღმოაჩინეს. კომისიის ძალიან ბევრი წევრი შეშფოთდა და მე გაგებით ვეკიდები გდაწყვეტილების შეცვლას. რამეთუ სასამართლომდე ჩვენ შეიძლება მოვახერხეთ ისეთი გზები, რომ არ გამოჟონოს კიდე ამ მასალებმა და არ გახდეს კიდევ საჯარო. ის, რაც სამეგრელოში აღმოაჩინეს ქმნის იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს და გამოძიების დასრულებამდე ეს კადრები შეიძლება არქივში გამოვიყენოთ. მე არ მინდა როგორც მთავრობის მეთაურის პოზიცია გავაჟღერო, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვასაბუთებ ამას. სხვა ყველაფერი პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ. ექსპერტები არიან ჩართული, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. გადაწევის გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდები” – განაცხადა პრემიერმა. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ივნისს, შს მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან შეხვედრის დროს, გაირკვა, რომ ფარულ ჩანაწერებს კვირას, 23 ივნისს, როგორც ეს დადგენილი იყო, აღარ გაანადგურებენ.

 

“განადგურების ვადა გადაიდო. თუმცა არ ყოფილა შეცვლილი გადაწყვეტილება, რომ არ განადგურდება. უბრალოდ ვადამ გადაიწია. შემდეგ პარასკევსაც იქნება შეხვედრა და ვადებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ,”- განაცხადა კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა. 

 

მისივე განმარტებით, მასალების განადგურების ვადის გადადება პრობლემის საზოგადოებაში სრულფასოვნად წარმოჩენას უკავშირდება.

 

“ზოგადი სურათის შექმნის მიზნით კვლავ იქნება შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ შეიქმნას სრულფასოვანი სურათი, რა მდგომარეობაა ამ მხრივ და რა მემკვიდრეობა არსებობს. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ შეხვედრების დროს ფარული მასალები იქნება ნაჩვენები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი