ახალი ამბები

პროკურატურის მოთხოვნით სამეგრელოს სამალავების საქმეზე დაკავებულების პროცესი დაიხურა

21 ივნისი, 2013 • 1211
პროკურატურის მოთხოვნით სამეგრელოს სამალავების საქმეზე დაკავებულების პროცესი დაიხურა

პროკურატურა აპელირებდა საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ საქმე ეხება სექსუალური ხასიათის დანაშაულს, შესაძლებელია სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა.

 

პროკურორმა გოზალიშვილმა მოითხოვა სხდომის სრულად დახურვა და ეს შუამდგომლობა ახსნა იმით, რომ არ უნდა გამჟღავნდეს დაზარალებული პირების ვინაობა, ვინაიდან საქმე ეხება მათ ღირსებას და უსაფრთხოებას.

 

ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა არც ერთი ადვოკატი და ბრალდებული. მათი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს საჯარო ინტერესი და დაინტერესებულ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ სხდომის გაშუქების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ადვოკატების განცხადებით, დღევანდელი სხდომა მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს ითვალისწინებს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამჟღავნება მოხდება. გარდა ამისა, ადვოკატების განცხადებით, ეს საქმე უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად შუქდება მედიით და მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაიხუროს სხდომა.

 

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საქმე, რომელიც ადამიანების პირად ღირსებას ეხება.

 

ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი კობა თოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები გიორგი ბულია და ირაკლი ახალაია აცხადებენ, რომ მათი დაკავების პროცესში ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს. სხვა ბრალდებულებს მსგავსი შენიშვნები არ გამოუთქვამთ. 

 

შამახია და ახალაია ამბობენ, რომ მათი დაკავება მოხდა ზუგდიდში, რამდენიმე საათის განმავლობაში მათთვის უცნობი იყო, თუ რატომ იყვნენ დაკავებული, შემდეგ განხორციელდა მათი ტრანსპორტირება თბილისში და მხოლოდ დედაქალაქში გახდა მათთვის ცნობილი, თუ რატომ იყვნენ დაკავებული.

 

კობა თოდუა ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მას ეუბნებოდნენ, რომ თუ ბრალს აღიარებდა, სასჯელი შეუმსუბუქდებოდა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება 9-დან 8 დაკავებული პირი, მათ შორის არიან: შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამი მოქმედი თანამშრომელი გოჩა შონია, მარლენ ხვიტია, გურამ ჭითანავა.

 

პროცესს ასევე ესწრება თემურ უბირია, რომელიც შსს-ს ცნობით, ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას.

 

სასამართლო პროცესს არ ესწრება შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი პაატა ქირია, რომელმაც შსს-ს ცნობით, გუშინ თვითდაზიანება მიიყენა და ამ დროისთვის იმყოფება საავადმყოფოში. ქირიას შესაბამისი განცხადება დღეს სასამართლოს მისმა ადვოკატმა გიორგი ონიანმა წარუდგინა.

 

დაკავებულებს ბრალად ედებათ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება. დაკავებულებიდან მხოლოდ ერთი არის ნასამართლევი: როგორც უბირიამ აღნიშნა, ის 2006 წელს ხულიგნობის მუხლით არის ნასამართლევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი