თურქეთის ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი საზოგადოებას 30 ოქტომბერს რესპუბლიკის დარბაზში დაემშვიდობა, სადაც თურქეთის რესპუბლიკის 94-ე წლისთავი აღინიშნა. გუმრუქჩუმ გასული სამი წლის საქმიანობა შეაჯამა და ღონისძიების სტუმრებს, რომელთა შორისაც მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“დარწმუნებული ვარ, ჩემი შემცვლელი უფრო გააღრმავებს მათ, განსაკუთრებით, ეკონომიკურ კავშირებს. ჩვენს ძირითად ინტერესებშია ქართული პროდუქტის ექსპორტის გაზრდა თურქეთში. ამჟამად ვიმყოფებით მოლაპარაკების პროცესში თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებითაც.
ამას გარდა, ჩვენ მივაღწიეთ შესანიშნავ შეთანხმებას კულტურის საკითხებში საერთო კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
და, რა თქმა უნდა, საქართველოს სტაბილურობა, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თავდაცვისუნარიანობა ჩვენთვის სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და თანამშრომლობას შესაბამის უწყებებს შორის”, – აღნიშნა ელჩმა.
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ თურქეთის ელჩად საქართველოში 2014 წელს დაინიშნა. საელჩოს ინფორმაციით, ის საქმიანობას ბელგიაში, კვლავ თურქეთის ელჩის პოზიციაზე განაგრძობს.
