ახალი ამბები

ხუხაშვილი: არცთუ შორეულ მომავალში სააკაშვილს მძიმე დანაშაულებებზე მოუწევს პასუხისგება

21 ივნისი, 2013 • 1025
ხუხაშვილი: არცთუ შორეულ მომავალში სააკაშვილს  მძიმე დანაშაულებებზე მოუწევს პასუხისგება
“როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ახერხებს და ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია, მაგრამ დღეს, ვფიქრობ, ეს უფრო მისი პირადი ტრაგედიაა და საბედნიეროდ, სახელმწიფოს უკვე ვეღარ აზიანებს.
 
 
არა იმიტომ, რომ მის მიერ ჩემი გვარის ხსენებამ აშკარად ცილისმწამებლურ კონტექსტში რაიმენაირად ღირსება შემილახა, არამედ უბრალოდ ინფორმაციისთვის:
 
 
გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

1. ჩხატარაშვილთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ მას ჩემთან არასდროს არ უმუშავია, არ მუშაობს ამჟამად და არასოდეს იმუაშავებს მომავალში. 

 
 
2. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხატარაშვილი მუშაობდა პროკურატურაში. თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პიროვნება ჩართული იყო შსს-ს თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, ეს არის მისი მხრიდან იმის აღიარება, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და მთელი სახელმწიფო მანქანა აწამებდა, აუპატიურებდა და ამ გზით იღებდა სასურველ აღიარებით ჩვენებებს.
 
 
3. ბიზნესის ტერორი ეს იყო მისი ხელისუფლების კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. მე ვამაყობ ზუსტად იმით, რომ ამ თვეებში გავაკეთე ყველაფერი სხვებთან ერთად, რათა ბიზნესი გათავისუფლებულიყო იმ კრიმინალური მეტასტაზებისგან, რომლითაც გაჟღენთილი იყო ქვეყნის ეკონომიკური ქსოვილი.
 
 
მე არ ვუჩივლებ სააკაშვილს პატივის და ღირსების შეურაცხყოფისთვის, რამეთუ როგორც ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს – მჯერა, რომ არცთუ შორეულ მომავალში – მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებებზე მოუწევს პასუხისგება.”

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კონკრეტულ სისტემას, რომელიც ჩადიოდა წამების კუთხით დარღვევებს, აქვთ სახელები და გვარები:

“ორი მთავარი ფიგურა კონსტიტუციური უშიშროების დეპარტამენტის, ვინმე ჩხატარაშვილი და მეორე, ლევან ქარდავა, კუდის უფროსი და ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც ჩვენს მთავრობას გადმოყვა შევარდნაძის მთავრობიდან, სამწუხაროდ, დავტოვეთ და, როგორც ჩანს, ძველი ცოდვები ჩამოაწერეს მას ჩვენ დროსაც. ორივე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთან. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი დღევანდელი საქართველოს ხუხაშვილის, მთავარი მრჩევლის და ბიზნესში ახლა მთავარი ბატონ-პატრონის და, სამწუხაროდ,  ამ მთავრობის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურის. ჩხატარაშვილი არის მისი მარჯვენა ხელი, ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების დღესდღეობით. ხოლო ლევან ქარდავა, კუდის ყოფილი უფროსი, არის ის ადამიანი, ვინც, მაგალითად, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, რომ გავიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი