ახალი ამბები

სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები იზრდება

21 ივნისი, 2013 •
სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები იზრდება

 

„სექტემბრიდან სკოლის ადმინისტრაციებს ხელფასები მოემატება,“ – ეს განცხადება დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბათუმის მასწავლებელთა სახლში ბათუმის საჯარო სკოლების მასწავლებლებს და სკოლის დირექტორებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა დღესვე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნარგიზა ბერიძე დააჯილდოვა. მას სამინისტროს ჯილდო – სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.

 

„წელს წიგნებს ვარიგებთ და უაღრესად დიდი იმედი მაქვს თქვენი, დირექტორების. წიგნები, რომელსაც ჩვენ ვარიგებთ, არ გადაეცემა მოსწავლეებს, ის გადაეცემა სკოლებს. შემდეგ სკოლა აძლევს ამ წიგნებს მოსწავლეებს.  მომავალი წლისთვის ჩვენ ვაპირებთ, რომ ნაწილი სახელმძღვანელოების გამოვცვალოთ. ამ მიზნით თქვენთან ვგეგმავ კონსულტაციას, თუ  რომელი სახელმძღვანელოები არის სწრაფად შესასწორებელი და რა თვალსაზრისით. ამ საქმიანობას ჩვენ  შემოდგომაზე დავიწყებთ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე.

 

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ კადრებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.

 

„ჩემი შეფასება არის ის, რომ  განათლების სისტემა გავხადოთ ისეთი, რომ ასეთ ადამიანებს  არ ჰქონდეთ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი