ახალი ამბები

პარლამენტარებსა და პეტიციის ხელმომწერებს შორის შეხვედრა დაიწყო

21 ივნისი, 2013 • 1194
პარლამენტარებსა და პეტიციის ხელმომწერებს შორის შეხვედრა დაიწყო

შეხვედრას ესწრებიან, იურისტი თამარ გურჩიანი, ჟურნალისტი ნინო დანელია, “იდენტობის” დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, ხოლო მეორე მხრიდან, პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის წარმომადგნელებიდან ნეტგაზეთის ჟურნალისტმა პარლამენტარები ჩიორა თაქთაქიშვილი და ეკა ბესელია შენიშნა. 

 

ეკა ბესელიამ ნეტგაზეთის ჟურნალისტს სატელეფონო ინტერვიუში განიცხადა, რომ შეხვედრა ჟურნალოსტებისთვის დახურულია. თუმცა მიზეზი არ განუმარტავს.

 

შეხვედრის დაწყებამდე ნინო დანელია ესაუბრა: 

 

“ვინაიდან დასკვნის პროექტი იყო საჯარო, ჩვენ თავს უფლება მივეცით, რომ გამოგვეთქვა ჩვენი შენიშვნები და მოსაზრებები. გვაქვს ძალიან კონკრეტული შენიშვნები. მაგალითად: დასკვნაში ლაპარაკია, რომ შეკრების თავისუფლება არ არის უნივერსალური უფლება და ის იზღუდება გარკვეული ნორმებით, მაგალითად: მორალით. შემდეგი წინადადება არის ის, რომ რელიგიის დაცვა არის სახელმწიფოს ფუნდამენტური უფლება. ჩვენ სწორედ იმის თქმა გვინდა, რომ სახელმწიფოს ფუნდამენტური უფლება არის სწორედაც რომ დამიანის უფლებების დაცვა და შემდეგ უკვე თავისთავად დაცული იქნება ყველაფერი.” 

 

მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებისთვის შეხვედრის ფორმატის შესახებ ცნობილი არ არის და უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა.

 

საპროტესტო აქცია ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინააღმდეგ “რადისონ ბლუ ივერიასთან” გუშინ, 20 ივნის გაიმართა, სადაც აღნიშნული კომიტეტი 6 თვის ანგარიშს წარმოადგენდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კომიტეტის მიერ 17 მაისთან დაკავშირებული დასკვნის პროექტს და ასევე, პარლამენტისთვის გაგზავნილი პეტიციების ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ეჭვებს. 

 

აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე გამოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეებს შეუთანხმდა, რომ დღეს მათთან შეხვედრას გამართავდა და სადავო საკითხებს განიხილადნენ. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი