ახალი ამბებისაზოგადოება

ბათუმელი იეზიდების თვითგადარჩენის ისტორია

30 ოქტომბერი, 2017 • 3501
ბათუმელი იეზიდების თვითგადარჩენის ისტორია

ქურთი იეზიდი გათენებისას იღვიძებს, რომ მზის ამოსვლას შეხვდეს, მისი დანახვისას კი ღმერთს მადლობას უხდის, კიდევ ერთი დღისთვის – ეს იეზიდური რელიგიური რიტუალია. რწმენა და ქურთული ენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიალექტი, კურმანჯი, ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც ბათუმელ ქურთებს, იეზიდებს, იდენტობის შენარჩუნებაში დაეხმარა. მათი წინაპრების საქართველოში დასახლებას სწორედ იდენტობის გადარჩენის შესაძლებლობით ხსნიან ბათუმში მცხოვრები იეზიდები.

„პირველად ბათუმში დიდი ბებია-ბაბუა და მათი და-ძმები ჩამოსულან. მაშინ ბევრი დარჩა თბილისში, ბევრიც სომხეთში გადავიდა. აქ ენის ბარიერი ხელს არ უშლიდათ, დიდმა ბაბუამ და ბებიამ იცოდნენ რუსული ენა. იმ პერიოდში ბევრი ნათესავი ცხოვრობდა სომხეთში. ლამაზი სიტყვაა ტოლერანტობა, მაგრამ სარწმუნოების  შენარჩუნება იქ რთული იყო, თანაც აქ ხალხი, ჰავა და გარემოც მოეწონათ.

„ბაბუაჩემმა სრულყოფილად იცოდა თურქულიც. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი არ იყო, ხშირად დადიოდა ჯამეში, რადგან ძმაკაცები დადიოდნენ, თავადაც დადიოდა, მეც დავყავდი, კანფეტს მპირდებოდა იქ წაყოლის სანაცვლოდ.  სომხურიც იცოდა, უახლოესი მეგობარი ჰყავდა აღა ჯანი“, – ამბობს ბათუმელი მემედ ომაროვი, რომელიც პროფესიით იურისტია.

მემედ ომაროვი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმში ოცდაათამდე ქურთი, იეზიდური აღმსარებლობის ოჯახი ცხოვრობს, მათი წინაპრები საქართველოში XIX საუკუნის ოთხმოციან წლებში დასახლებულან. იმ დროს თბილისის გუბერნიაში შედიოდა ახალქალაქის, ახალციხის და ბორჩხალოს მაზრები, სადაც მაშინ 3000-მდე ქურთი ცხოვრობდა. თბილისის გუბერნიის გარდა დაახლოებით 800-ზე მეტი ქურთი აჭარაში დასახლებულა. მთელი ამ დროის განმავლობაში იეზიდებს საქართველოში არასდროს ჰქონიათ როგორც ქართველებთან, ასევე სხვა ერებთან თანაცხოვრების პრობლემა.  როგორც თავად ყვებიან, ცხოვრობდნენ, თავს დაცულად გრძნობდნენ, იღებდნენ განათლებას, მუშაობდნენ და თავისი წვლილი შეჰქონდათ საქართველოს განვითარებაში.

„ბაბუამ  ბათუმში საკუთარი ენაც შეინარჩუნა და ჩვენც გვასწავლა. მადლობელი ვარ დიდი ბაბუასი, რომ ბათუმში დარჩენა გადაწყვიტა. თბილი ურთიერთობა გვაქვს, როგორც ქართველებთან, ასევე აქ მცხოვრებ სხვა ერებთან. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ჩვენი ახალგაზრდები რუსეთში, საფრანგეთში, ან სხვა ქვეყნებში წავიდნენ განათლების მისაღებად, რადგან საქართველოში რუსულენოვანი სასწავლებლებს ხურავდნენ“, – გვიყვება მემედ ომაროვი. მემედ ომაროვისთვის დედის ქართველი მეგობრის მამის სახელი დაურქმევიათ, მის დას კი ამ მეგობრის სახელი ლიანა დაარქვეს.

1944 წელს სამი ათასზე მეტი ქურთი სამცხე-ჯავახეთიდან, ორი ათასზე მეტი კი აჭარიდან  შუა აზიაში გადაუსახლებიათ. მათ შორის ყოფილა მემედ ომაროვის ოჯახიც, მისი ბებია და ბაბუა.

„ძირითადად მუსლიმებს ასახლებდნენ, ჩვენ არ ვართ მუსლიმები, ჩვენი რელიგია შევინარჩუნეთ, მაგრამ, ზოგადად, ქურთებს მუსლიმებად აღიქვამდნენ, ზოგმა ისლამი მიიღო და იმიტომ. ჩემი ოჯახი ყირგიზეთში გაასახლეს. გადმოცემით ვიცი, რომ იქ კარგად დახვდნენ და ჩასვლისთანავე დააბინავეს.“

მემედ ომაროვის ბაბუას იქ სახლი და ხილის ბაღი ჰქონია, ორი ძროხაც ჰყოლიათ, მაგრამ 1953 წელს, მას შემდეგ, რაც სტალინი გარდაიცვალა და გასახლებულების ეტაპობრივად დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს,  მაინც ბათუმში დაბრუნება არჩიეს:

„ბაბუას იქ დარჩენაზე არ უფიქრია, მაშინვე მიატოვა ის ყველაფერი და ბათუმში დაბრუნდა, რადგან აქ უფრო თბილი გარემო ეგულებოდა. ბაბუა ამბობდა, რომ ბათუმში ცხოვრება შესაძლებელი იყო“.

ომაროვების ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისის ქუჩაზე დასახლებულა. თავიდან ღარიბულად ცხოვრობდნენ: „… საბჭოთა პერიოდის დროს განათლება მიუღიათ, ერთი დეიდა ბავშთა ბაღში მუშაობდა, მეორე გერმანულს და რუსულს ასწავლიდა.“

ქურთი იეზიდები ერიდებოდნენ შერეულ ქორწინებას. იეზიდური ტრადიციის თანახმად, შერეული ქორწინების შემთხვევაში, მათი შვილი იეზიდად აღარ ითვლება. ეზიდად აღარ ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვა რელიგიას მიიღებს.

ირაკლი მირზოევიც ბათუმელი იეზიდია. ის ბათუმში დაიბადა და გაიზარდა, დედაც იეზიდი ჰყავს და მამაც, მაგრამ ირაკლი ეროვნებით სომეხზე დაქორწინდა, ამიტომაც მისი შვილი იეზიდად არ ითვლება. ირაკლი იხსენებს, რომ მისი გადაწყვეტილება არაეზიდთან დაქორწინებაზე ოჯახში ძალიან განიცადეს. დედა წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახლა „რძალი შეუყვარდა და ბედს შეურიგდა“.

ირაკლი მირზოევი ფოტო : მანანა ქველიაშვილი

სხვა ეროვნების წარომომადგენელზე დაქორწინების მიუხედავად, ქორწილი მაინც იეზიდური ტრადიციების დაცვით ჩაუტარებიათ, ამ ქორწილში ირაკლიმ ქართველი მეგობრებიც დაპატიჟა. ირაკლის მეგობრებმა ბევრი რამ იციან იეზიდებზე და მათ ტრადიციებზე, მაგრამ ქორწილში მაინც გაკვირვებულები დარჩნენ და ირაკლის ბევრი კითხვა დაუსვეს იმაზე, რაც ქორწილში ნახეს.

„ქორწილი სამ დღიანია, ძირითადად, პარასკევს იწყება და კვირას მთავრდება. მექორწილეებს მიაქვთ დიდი ხის ტოტი, რომელზეც ხილი და მონეტებია დამაგრებული, რთავენ ისე როგორც ქართველები ნაძვის ხეს. ჩემი ძმის ქორწილში  პირდაპირ გზაზე მიდიოდა წრე და ამ წრეში ცეკვავდნენ“, – ამბობს ირაკლი მირზოევი. იეზიდები ქორწილში მადლიერების ნიშნად ღმერთს შესაწირავს წირავენ, ძირითადად არჩევანს ცხვარზე აკეთებენ, მაგრამ შეიძლება ეს იყოს სხვა ცხოველიც.

რელიგია

იეზიდები მზის  თაყვანისმცემლები არიან, მას სიცოცხლის, ახალი დღის საწყისად მიიჩნევენ. მზე მათ დროშაზეცაა გამოსახული. იეზიდური რელიგიის მიხედვით, „ღმერთის წარმომადგენელი დედამიწაზე“ ფარშევანგია, ამიტომაც მას წმინდა ფრინველად აღიარებენ. იეზიდების სალოცავს „ლალიში“ ჰქვია, ბათუმში ლალიში არ არის, თუმცა ბათუმელი იეზიდები ამაყობენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც იეზიდებს „ლალიშის“ აგების შესაძლებლობა მისცეს. ლალიში თბილისში 2015 წელს იეზიდი ბიზნესმენების დაფინანსებით ააშენეს.

ირაკლი მირზოევმა გვაჩვენა მედალიონი მზის გამოსახულებით, რომელშიც ლალიშია მოთავსებული. მედალიონს  ის ატარებს, როგორც რელიგიურ სიმბოლოს. გარდა ამისა, ყველა იეზიდურ ოჯახში აქვთ რელიგიური სიმბოლო ფარშევანგის გამოსახულებით.

ლალიში მზეში

ტრადიცია და თანაცხოვრება

ზაირა ჯავარიანი ბათუმში ძმასთან მალხაზ ჯავარიანთან, ძმისშვილებთან და რძალთან ერთად ცხოვრობს. ზაირა გვიყვება, რომ ბათუმში იეზიდური ტრადიციებისა და დღესასწაულების შესახებ ყველა მისმა ქართველმა მეგობარმა იცის: „შემახსენებენ ხოლმე, რომ დღესასწაული მოდის, შემდეგ თავადაც მონაწილეობენ“.

მალხაზ ჯავარიანი

ზაირას ძმისშვილები ქართულად ლაპარაკობენ, ისე როგორც მათი მეზობლები ქურთულს – ბავშვები ეზოში თამაშის დროს სწავლობენ ერთმანეთის ენას.

მალხაზ ჯავარიანი ყვება, რომ მის ბებიას და ბაბუას ქართველ მეზობლებთან თბილი ურთიერთობა ჰქონიათ. ამ ურთიერთობის გავლენით ყოფილა, რომ შვილიშვილებს ქართული სახელები ჰქვიათ, ძირითადად, მათ სახელები, ვისთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

ზაირამ გვაჩვენა ხოდანი, წმინდა ადგილი სახლში, სადაც იეზიდები ლოცვას კითხულობენ. ზაირას ძმის, მალხაზის თქმით, ხოდანი თითქმის დავიწყებული ტრადიციაა და თანამედროვე ოჯახებში არ აქვთ, მაგრამ მალხაზის და ზაირას ეს ტრადიციაც შეუნარჩუნებიათ. ხოდანი იგივე საწოლია, სადაც რამდენიმე ლეიბი და საბანია დალაგებული, ამ ლეიბებს სტუმრებისთვის იყენებენ.

„მზე რომ ჩადის ამას ნახევრად ვხსნით და ლოცვას ვკითხულობთ. როცა გასაჭირი მაქვს  ხოდანთან ვდგები და ლოცვას ვკითხულობ, ღმერთი მიფარავს“, – ამბობს ზაირა და გვიხსნის, რომ ეს ისეთივე წესია, რაც ქრისტიანობაში ხატისთვის სანთლის დანთება.

ზაირამ ხუთი ენა იცის: თურქული, რუსული, სომხური, ქურთული და ქართული.

ზაირას რძალს ანა ჰქვია, ანაც იეზიდია. ზაირა ამბობს, რომ ანა ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და დღემდე მკაცრად იცავს ამ ტრადიციებს, ამიტომაც მამამთილთან საერთოდ არ საუბრობს. იეზიდური ტრადიციის თანახმად, ქალი ოჯახში გადაწყვეტილებას არ იღებს.

„…ეს ძალიან დიდი ტრადიციაა, ეს ნიშნავს, რომ უფროსს აფასებ. სახლში მარტო დავრჩით ერთხელ და რაღაც მკითხა, მეც მიმიკით ვუპასუხე და მიხვდა. მომწონს ეს ტრადიცია. ამას ჩემს შვილებსაც ვასწავლი, დედას პირობა მივეცი, რომ სანამდე შევძლებ მამამთილს არ დაველაპარაკები“, – გვიყვება ანაა.

ანა ჯავარიანი

მალხაზ ჯავარიანმა გვაჩვენა ასევ მძივი, რომელიც იეზიდური ტრადიციის თანახმად ქალმა 40 წლის შემდეგ უნდა ატაროს.

წყაროებიდან

იეზიდები, ძირითადად, ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, შედარებით მცირერიცხოვანი თემები სომხეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. ეზიდთა დიდი ნაწილი ემიგრირებულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა, სავარაუდოდ, ერთი  მილიონია. ისინი მეტყველებენ ქურთული ენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე, კურმანჯიზე.

იეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ჰყავთ წარმოდგენილი; თაყვანს სცემდნენ აგრეთვე შამსს, რომელიც მზის ღვთაებაა იეზიდდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, ანუ მზის ამომავალ მხარეს.

ქურთებს სახელმწიფო არ აქვთ, მაგრამ დღევანდელი ქურთისტანის ტერიტორიაზე, შუა საუკუნეებში, დამოუკიდებელი ქურთული სამთავრობოები არსებობდა. დღეს ეს ტერიტორიები გადანაწილებული აქვს ოთხ სახელმწიფოს – თურქეთს, სირიას, ერაყსა და ირანს. ქურთული ტომები ცდილობდნენ სახელმწიფოებრიობის აღდგენას და თავისი ძველი რელიგიის შენარჩუნებას. ამ ნიადაგზე ისინი ყველა მეთოდით იბრძვიან ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების წინააღმდეგ.

__________________logo11მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი