ახალი ამბებიეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ველოდებით ლარის დასტაბილურებას

30 ოქტომბერი, 2017 • 2733
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ველოდებით ლარის დასტაბილურებას

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურძემ 30 ოქტომბერს ლარის დევალვაციის პროცესი საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებს დაუკავშირა. 

ლარი ევროს და აშშ დოლარის მიმართ 30 ოქტომბრის მონაცემებით კვლავ გაუფასურდა.   ლარმა გაუფასურება 24 ოქტომბრიდან დაიწყო.  საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

“ეროვნული ბანკი უკეთესად ხედავს პროცესებს და მეტი ინფორმაცია აქვს. ის გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ ვეტყვით სებ-ს, როგორ იმოქმედოს. ბანკს აქვს ინსტრუმენტები, როგორებიცაა რეფინანსირების განაკვეთი და ინტერვენცია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს”, – განაცხადა კაკაურიძემ.

“მეტწილად ლარის კურსის გაუფასურება მოლოდინებს უკავშირდება. არსებობს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ლარი უნდა გაუფასურდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არის უფრო მაღალი კურსი, ვიდრე წონასწორობის კურსი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ველოდებით ლარის დასტაბილურებას”. 

ლარის გაუფასურებაზე კომენტარი პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ არ გააკეთა. სამაგიეროდ,  შეაფასა საქსტატის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული  მონაცემები, რომლის მიხედვითაც სექტემბერში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს ზრდა აქვს  გადამამუშავებელ მრეწველობაში,  ვაჭრობაში და სხვა დარგებში.

„ეკონომიკური მაჩვენებლები კარგია.  საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლითაც 5%-იანი ზრდა გვაქვს წინა წლის ანალოგიურ ნაჩვენებელთან შედარებით. ასევე 9 თვის მაჩვენებლით გვაქვს 4.7 % ზრდა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4%-იან ზრდაზე გვაქვს დაგეგმილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სწორი ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს. ეს განპირობებულია იმით, რომ ექსპორტი გაიზარდა. 9 თვის მაჩვენებლებს თუ ვნახავთ, ჩვენ დაგეგმილზე დაახლოებით 200 მლნ. ლარით მეტი შემოსავლები მივიღეთ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკური პროცესები სწორად არის დაგეგმილი,“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ეკონომიკური ზრდის შეფასებისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობის პროგნოზით 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება.

“საქსტატის მონაცემებით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს სექტემბერში. ჩვენი პროგნოზით წელს მივიღებთ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ვიდრე ეს ბიუჯეტის პროექტით იყო დაგეგმილი. დაგეგმილი 4%-ის ნაცვლად, სავარაუდოდ, 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მივიღებთ. სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გადამამუშავებელ მრეწველობას აქვს, გაზრდილია სასტუმრო-რესტორნების სექტორიც. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა შეაფასეს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა და სავალუტო ფონდმა. ყველას ანგარიშში წერია, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ხელს შეუწყობს, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს. ამის შედეგია ის,  რომ სარეიტინგო კომპანიებმა წელს ჩვენს ქვეყანას სუვერენული რეიტინგი აუწიეს,”-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი