ახალი ამბები

ზურაბ ხარატიშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იგეგმება ამომრჩეველთა სიის გადამოწმება

20 ივნისი, 2013 • • 1258
ზურაბ ხარატიშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იგეგმება  ამომრჩეველთა სიის გადამოწმება

ზურაბ ხარატიშვილი
ზურაბ ხარატიშვილი

ხარატიშვილის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი ემსახურება გამოგონილი პოლიტიკური ქიმერების დევნას და მიმდინარეობს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის გარეშე.


”საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი და ყურადღებით ადევნებს თვალს საპარლამენტო ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობას.


ინტერფრაქციულ ჯგუფს ადმინისტრაციამ მუშაობის დაწყებისთანავე შესთავაზა მოსაზრებები კანონმდებლობის დახვეწის, პროცესის ორგანიზებისა და მეთოდოლოგიის შესახებ..

გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯგუფის სამუშაო პროცესი წავიდა სხვა მიმართულებით. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ პარლამენტში უკვე ინიცირებულია ცვლილებების პროექტი, რომელიც მხოლოდ ფინანსურ და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან, ტექნიკურ საკითხებს ეხება, ხოლო რეფორმის ძირითადი არსი და კონსტრუქცია კვლავაც განუსაზღვრელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი ემსახურება გამოგონილი პოლიტიკური ქიმერების დევნას და მიმდინარეობს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის გარეშე. საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი დროა დაკარგული, რის შედეგეად სერიოზული ცვლილებების მიღება საარჩევნო კანონმდებლობაში და მათი იმპლემენტაცია 2014 წლის გაზაფხულის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე უკვე ვეღარ მოესწრება”.


ხარატიშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იგეგმება  ამომრჩეველთა სიის გადამოწმება, 2010 და 2012 წლების მსგავსად.


“თუ ამომრჩეველთა სიები ნაკლოვანია, რატომ არ ხდება მათი გადამოწმება და ხარვეზების თუნდაც ნაწილობრივი გამოსწორება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ხოლო თუ ამომრჩეველთა სიები სერიოზულ ხარვეზებს არ შეიცავს – გამოდის, რომ ფართოდ ტირაჟირებული გამონათქვამები ათასობით ყალბი პირადობის მოწმობებისა და სიებში მილიონი ზედმეტი ამომრჩევლის შესახებ მხოლოდ პოლიტიკური მითი იყო და მისი ავტორების მიზანს საზოგადოების დეზინფორმირება და  საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ფაქტის შესახებ საარჩევნო სიების ფორმირებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების (მაგ. იუსტიციის მინისტრის) პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მოგვიანებით ხარატიშვილის განცხადებას სიების გადამოწმების საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში უპასუხეს.


“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ჭირდება ამომრჩეველთა დაზუსტებული ერთიანი სია, რომელიც სანდოობის მაღალი ხარისხით ისარგებლებს და ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს კითხვის ნიშნებს. ზუსტი და სანდო ერთიანი საარჩევნო სიის შედგენაში ეფექტიანი მონაწილეობის მიღება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მის სამოქალაქო რეესტრს შეუძლია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რასაც ის ფლობს. ამ მიმართულებით მუშაობა სააგენტოში დღესაც გრძელდება. თუ რამდენად ფართო ფუნქციები დაეკისრება სამოქალაქო რეესტრს ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებაში, ამ საკითხზე მსჯელობას ინტერფრაქციული ჯგუფი აგრძელებს. როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუკი ინტერფრაქციული ჯგუფი დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას, სამოქალაქო რეესტრი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეძლებს მაქსიმალურად გამოასწოროს ის ცდომილებები, რაც აქამდე არსებობდა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, სამოქალაქო რეესტრი ჩვეულ რეჟიმში ითანამშრომლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომელიც, ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, არის ერთიანი საარჩევნო სიის შემდგენელი ორგანო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიიჩნევს, რომ ერთიანი საარჩევნო სია საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესის საგანია და ამ თემის პოლიტიზება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არ ღირს”.

თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო

 

შეგახსენებთ, რომ ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, რომელშიც დეპუტატებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგნლებიც შედიან,  შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, პარტიების საბაზო, საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება, იურიდიულ პირებს კი პარტიების დაფინანსების შესაძლებლობა უბრუნდებათ. გარდა ამისა, ჯგუფში მუშავდება იდეა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში არჩევნები, შესაძლოა, ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ჩატარდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი