ახალი ამბები

ნათია კუპრაშვილი: ყველას შეუძლია ადგილზე გადაიღოს ნებისმიერი კადრი და მარტივად მოხვდეს გარეთ

20 ივნისი, 2013 • • 1205
ნათია კუპრაშვილი: ყველას შეუძლია ადგილზე გადაიღოს ნებისმიერი კადრი და მარტივად მოხვდეს გარეთ

კუპრაშვილი ამბობს, რომ ამის გამო შეხვედრაზე მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმ წამების ამსახველი კადრების გადაღება, რომელსაც უჩვენებენ.

 

“მე მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ კადრებს არ ვნახავდი. მაინტერესებდა დავრწმუნებულიყავი, რამდენად არაიდენტიფიცირებადი იყო ეს კადრები. ეჭვი მეპარება, რომ ადამიანები, ვინც ამ კადრებს ნახავს და შეხვდება მათ, აუცილებლდ იცნობს. მე მაინტერესებს სხვა გარემოება – მინისტრმა სთხოვა საზოგადოებას, რომ არ გაეტანათ ეს კადრები, მაგრამ ამის გაკეთება წინასწარ შეიძლებოდა პრევენციულად. ყველას შეგვეძლო დაგვეტოვებინა ყველა აპარატურა… ამას ვაკეთებთ ხოლმე, როდესაც ასეთ დაწესებულებებში შევდივართ. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯები არ იყო გადადგმული. საერთოდ არ მომხდარა შემოწმება. ყველას შეუძლია ადგილზე გადაიღოს ნებისმიერი კადრი და მარტივად მოხვდეს გარეთ”, – განაცხადა მან.

 

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალის ჩვენება მიმდინარეობს, თუმცა ჩვენების დაწყებამდე ჟურნალისტების და არასამთავრობოების ნაწილმა მინისტრ ღარიბაშილისგან მოითხოვა განმარტება, თუ რამდენად იყო მიღებული ზომები მათი მხრიდან, იმ კუთხით, რომ არ მომხდარიყო ვიდეომასალაში მსხვერპლთა იდენტიფიცირება.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ შემდგარიყო დიკუსია და მსჯელობა საქმის გამოძიების შესახებ, თუმცა, მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეთ უმეტესობამ მოითხოვა, რომ ვიდეომასალა ეჩვენებინათ.

 

შეხვედრის დასაწყისში კონფლიქტი მოხდა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “აქცენტების” წამყვან ეკა კვესიტაძესა და იქ შეკრებილ სხვა რამდენიმე პირთან, მათ შორის ირაკლი კაკაბაძესთან, რის გამო კვესიტაძემ სამინისტრო დატოვა. კვესიტაძემ დღევანდელ შეხვედრას “ცირკი” უწოდა და განაცხადა, რომ აქვს შეკითხვები შს მინისტრთან, რომელსაც იწვევს მის გადაცემაში, პირდაპირ ეთერში.

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “დიალოგის” წამყვანმა დავით პაიჭაძემ ირაკლი ღარიბაშვილისგან მოითხოვა დეტალური განმარტება, იყო თუ არა კადრები სათანადოდ დაფარული, რაზეც ცალსახა პასუხი მინისტრმა ვერ გასცა. პაიჭაძის თქმით, მას ჰქონდა მინისტრთან შეკითხვები, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ის აქამდეც, ამ 9 წლის განმავლობაში დაინტერესდებოდა ადამიანის უფლებებით:

 

“სტატისტიკაზე არ დამიწყია საუბარი, უბრალოდ, ვუთხარი, რომ მინისტრი აზრზე არ არის, რას ვაკეთებდი”, – აცხადებს პაიჭაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სამინისტრო.

 

ვიდეომასალის ჩვენებამდე დატოვეს სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა – კახა კოჟორიძემ (საია), ნინო ლომჯარიამ (სამართლიანი არჩევნები), ეკა გიგაურმა (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო). ასევე, შეხვედრა დატოვეს “24 საათის” რედაქტორებმა პაატა ვეშაპიძემ და მამუკა ფაჩუაშვილმა.

 

რამდენიმე წუთის წინ შსს-ში დაიწყო ვიდეომასალის ჩვენება, სადაც, როგორც “ნეტგაზეთის” რედაქტორი იტყობინება, პირველივე კადრით იყო შესაძლებელი მსხვერპლის სრულად იდენტიფიცირება, რის გამოც მანაც დატოვა პროტესტის ნიშნად სამინისტრო. ასევე, დატოვა შეხვედრა “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა. თუმცა ჟურნალისტების ნაწილი ვიდეომასალის ნახვას აგრძელებს.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, სამეგრელოს სამალავში მათ აღმოაჩინეს იარაღი, ნარკოტიკები და ვიდეომასალები, სადაც ადამიანების წამებაა ასახული. ღარიბაშვილის თქმით, განსაკუთრებით სასტიკია ორი პირის წამების ამსახველი ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია მათი გაუპატიურების სცენები. ეს ვიდეომასალები გუშინ შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აჩვენებს, დღეს კი სამინისტრომ ჩვენება მოაწყო მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი