როგორც ნიკოლეიშვილი ამბობს, ფრაქცია ახლახან აღმოჩენილი ძალადობის შემცველი ვიდეოების გამო დატოვა: „დიახ, დავტოვე, იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, ადამიანების გაუპატიურებები, უბედურებები და ჯანდაბები.“
აღნიშნულ საკითხზე დღეს, 20 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ემზარ შუბლაძემ ბრიფინგი გამართა. შუბლაძე ამტკიცებს, რომ ნიკოლეიშვილზე ზეწოლა ხორციელდება:
„ამ ადამიანზე ზეწოლა ინტენსიურად მიმდინარეობდა. ოჯახის წევრებს აშანტაჟებდნენ, აქვს გარკვეული ბიზნესი სამტრედიაში, მისი ძმის სასამართლო პროცესია რამდენიმე დღეში და დააშანტაჟეს. ამ მდგომარეობას რომ გარიდებოდ აქ, წავიდა თბილისში და აპირებდა, რომ პარასკევს ჩამოსულიყო, მაგრამ იქაც, წუხელ ღამით წაიყვანეს და გვიან დააბრუნეს სახლში. მის მერე არც ჩვენ, არც ოჯახის წევრებს არ ეკონტაქტება, არ ელაპარაკება, არის აგონიაში და გააკეთა ის, რაც გააკეთა.“
შუბლაძე ასევე ამტკიცებს, რომ სპეცსამსახურები მის დაშანტაჟებსაც შეეცადნენ:
„მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ოჯახში, დედაჩემს მიუგზავნეს სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ თითქოს ჩემი ახლობელი იყო და დედაჩემს უთხრა, რომ ამ ყველაფრისთვის თავი დამენებებინა, თორემ დამიჭერდნენ და გამაუბედურებდნენ.“
შუბლაძე მის მიერ ნახსენებ ზეწოლის ორგანიზებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ოთარ ჩრდილელს უკავშირებს. მეტიც, მისი თქმით, სამტრედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილელი ენერგეტიკის მინისტრთან, კახა კალაძესთან შეთანხმებით მოქმედებს:
„ჩრდილელი საკრებულოს ყველა წევრს აშანტაჟებს. საკრებულოს ყველა წევრთან ნამყოფია და ცდილობს დააშინოს და დააშანტაჟოს. სამტრედიაში ასეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ჩრდილელმა თვითონ თქვა, ეს ყველაფერი კალაძესთანაა შეთანხმებულიო.“
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები ტრაგიკომედიური ხასიათისაა:
„ხელისუფლებისთვის ეს ერთგვარი ტრაგიკომედიაა. ისინი ცდილობენ ყველანაირი საშუალებით მათთვის სასურველ შედეგს მიაღწიონ ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე, მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას. მინდა ვთქვა ამ ადამიანების და იმ ადამიანების გასაგონად, ვინც დღეს ზეწოლის ობიექტია სამტრედიაში, თუ სხვა მუნიციპალიტეტში, რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ იქნება შედეგის მომცემი და „ნაციონალური მოძრაობა“ მოახერხებს თავისი ერთიანობის შენარჩუნებას და იმ პრინციპების დაცვას, რაზეც ჩვენი ერთიანობა დგას.”