ახალი ამბები

ჟურნალისტების და არასამთავრობოების ნაწილმა შსს პროტესტის ნიშნად დატოვა

20 ივნისი, 2013 • 1136
ჟურნალისტების და არასამთავრობოების ნაწილმა შსს პროტესტის ნიშნად დატოვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ შემდგარიყო დისკუსია და მსჯელობა საქმის გამოძიების შესახებ, თუმცა, მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეთს უმეტესობამ მოითხოვა, რომ ვიდეომასალა ეჩვენებინათ.

 

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას თქმით, მისი მოთხოვნა იყო, რომ შეცვლილიყო შეხვედრის დღის წესრიგი – ჯერ დაესვათ კითხვები და ვისაც სურვილი ექნებოდა, ის დარჩენილიყო ვიდეომასალის სანახავად:

 

“აქ იმაზე არ არის საუბარი, რომ ვინმეს სუსტი გული აქვს, აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

შეხვედრის დასაწყისში კონფლიქტი მოხდა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “აქცენტების” წამყვან ეკა კვესიტაძესა და იქ შეკრებილ სხვა რამდენიმე პირთან, მათ შორის ირაკლი კაკაბაძესთან, რის გამოც კვესიტაძემ სამინისტრო დატოვა. კვესიტაძემ დღევანდელ შეხვედრას “ცირკი” უწოდა და განაცხადა, რომ აქვს შეკითხვები შს მინისტრთან, რომელსაც იწვევს მის გადაცემაში, პირდაპირ ეთერში.


“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “დიალოგის” წამყვანმა დავით პაიჭაძემ ირაკლი ღარიბაშვილისგან მოითხოვა დეტალური განმარტება, იყო თუ არა კადრები სათანადოდ დაფარული, რაზეც ცალსახა პასუხი მინისტრმა ვერ გასცა. პაიჭაძის თქმით, მას ჰქონდა მინისტრთან შეკითხვები, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ის აქამდეც, ამ 9 წლის განმავლობაში დაინტერესდებოდა ადამიანის უფლებებით:


“სტატისტიკაზე არ დამიწყია საუბარი, უბრალოდ, ვუთხარი, რომ მინისტრი აზრზე არ არის, რას ვაკეთებდი”, – აცხადებს პაიჭაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სამინისტრო.

 

ვიდეომასალის ჩვენებამდე დატოვეს სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა – კახა კოჟორიძემ (საია), ნინო ლომჯარიამ (სამართლიანი არჩევნები), ეკა გიგაურმა (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო). ასევე, შეხვედრა დატოვეს “24 საათის” რედაქტორებმა პაატა ვეშაპიძემ და მამუკა ფაჩუაშვილმა, “ტაბულას” ჟურნალისტმა სალომე უგულავამ.

 

რამდენიმე წუთის წინ შსს-ში დაიწყო ვიდეომასალის ჩვენება, სადაც, როგორც “ნეტგაზეთის” რედაქტორი იტყობინება, პირველივე კადრით იყო შესაძლებელი მსხვერპლის სრულად იდენტიფიცირება, რის გამოც მანაც დატოვა პროტესტის ნიშნად სამინისტრო. ასევე, დატოვა შეხვედრა “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა. თუმცა ჟურნალისტების ნაწილი ვიდეომასალის ნახვას აგრძელებს.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, სამეგრელოს სამალავში მათ აღმოაჩინეს იარაღი, ნარკოტიკები და ვიდეომასალები, სადაც ადამიანების წამებაა ასახული. ღარიბაშვილის თქმით, განსაკუთრებით სასტიკია ორი პირის წამების ამსახველი ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია მათი გაუპატიურების სცენები. ეს ვიდეომასალები გუშინ შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აჩვენებს, დღეს კი სამინისტრომ ჩვენება მოაწყო მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

შეხვედრა შსს-ში მედიასაშულებების ხელმძღვანელებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, 20/06/2013
შეხვედრა შსს-ში მედიასაშულებების ხელმძღვანელებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, 20/06/2013

მასალების გადაბეჭდვის წესი