ახალი ამბები

თაქთაქიშვილი: იმედგაცრუებული ვარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშით

20 ივნისი, 2013 • • 853
თაქთაქიშვილი: იმედგაცრუებული ვარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშით

“ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 6 თვე იყო ძალიან დაძაბული მუშაობის პროცესი და რეკორდულ

ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი

მაჩვენებელს მიაღწია საჩივრებმა და განცხადებებმა, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ. 6 თვეში სულ 6 ათასამდე საჩივარი და განცხადება მივიღეთ, რომელთა შორის იყო კონკრეტული საქმეები, კანონპროექტები და ა.შ. განცხადებებიდანაც ჩანს, რომ წლების წინ დაგროვებული ადამიანის უფლებების დარღევვის მასშტაბმა მიაღწია საგანგაშო ნიშნულს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

კომიტეტის მუშაობის შედეგების პრეზენტაციით იმედგაცრუებულია საპარლამენტო უმცირესობისა  და ამავე კომიტეტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც “ნეტგაზეთს” იმ პრობლემურ საკითხებზე ესაუბრა, რაც, მისი აზრით, კომიტეტის მუშაობაში შეიმჩნევა.

“იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა და ის არ ეხება ადამიანის უფლებათა დარღვევის ძალიან კონკრეტულ ფაქტებს, რაც სწორედ ამ 6 თვის განმავლობაში მოხდა და რომელზეც არა მარტო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავობოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო დაეცვა ადამიანის უფლებები და ვერ შეძლო საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისთვის არ დაექვემდებარებინა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა”,– განუცხადა “ნეტაზეთს” ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მისი განცხადებით, ამის კონკრეტული მაგალითია 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე კომიტეტის დასკვნის პროექტი, რომელიც პარლამენტარის აზრით “ძალიან უცნაურ გარემოში განიხილა კომიტეტმა, სადაც თავად დაზარალებულები და მათი უფლებადამცველები არ იმყოფებოდნენ, არც კი იყვნენ ინფორმირებული კომიტეტის სხდომის შესახებ. თუმცა სხდომას ესწრებოდა გიორგი გაბედავა, რომელიც სწორედ კონტრდემონსტრაციის მონაწილე იყო”.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის მუშაობაში ჩიორა თაქთაქიშვილი ხარვეზს უწოდებს პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების საკითხს, რომელიც, მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიამ მიიჩნია როგორც კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევით განხორციელებული პროცესი და ა.შ.

“კიდევ შემიძლია ვისაუბრო მუსლიმთა თემის უფლებების დარღვევაზე, სადაც კომიტეტის რეაგირება არ იყო ადეკვატური. კომიტეტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის მინისტრის პოზიციას, რომ სამართალდამცავების ფუნქცია არის არა ამ პროცესებში ჩარევა და ლოცვის შესაძლებლობის მიცემა რელიგიური უმცირესობებისთვის, არამედ მათთვის თავსმოხვევა შეთანხმებისა, რომელიც არის დისკრიმინაციული თეთრიწყაროს რაიონში”, – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

დეპუტატი კომიტეტის მუშაობაში ერთ–ერთ წარმატებულ ნაბიჯად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაკავშირებით კონვენციის მხარდაჭერას, რაც არ გააკეთა იურიდიულმა კომიტეტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი