დღეს, 20 ივნისს ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ქუთაისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ნორლანდმა ჟურნალისტებთან შს სამინისტროს მიერ ელჩებისთვის ნაჩვენებ ვიდეოზე ისაუბრა. ნორლანდის თქმით, აღნიშნულ მასალებზე ინფორმაცია საელჩოს წარმომადგენელმა გააცნო, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა:
“ჩვენი საელჩო ყოველთვის წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე. ჩვენი წარმომადგენელი გუშინ იმყოფებოდა ამ ბრიფინგზე და პირადად ჩამაყენა საქმის კურსში ბრიფინგზე გახმაურებულ თოთოეულ დეტალთან დაკავშირებით. ამდენად, ინფორმირებული ვარ ამ თემაზე. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ვარ შოკირებული და გაოგნებული იმ ინფორმაციით, რასაც შეიცავდა ვიდეო. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩატარდეს გამოძიება. რაც შეეხება პსუხისმგებლობას, გამოძიების დასრულებამდე ნამდვილად ვერ გეტყვით, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და რა სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული.”
“ელჩთან ერთად შოკირებული ვარ იმ ინფორმაციით, რაც მივიღეთ ვიდეოკადრებზე ასახული მასალით, რომელიც შსს-მ აღმოაჩინა. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ჩვენი რეკომენდაციაა საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ გამოძიოს ვიდეომასალა და თუ აღმოჩნდება, რომ ფირები ნამდვილია, მოვუწოდებთ მას, დასაჯონ ყველა დამნაშავე”, – განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა, აშშ-ის ელჩის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს დიპლომატებს შს სამინისტროში, მათ მიერ 17 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები აჩვენეს.