„სამართლიანი არჩევნების“ კასპის კოორდინატორისთვის ცნობილი გახდა, რომ 19 ივნისს ერთ-ერთი დირექტორი მანანა გეჯაძე დავით ზანგურის მიერ იქნა დაბარებული, რომელთან საუბრის შემდგომაც დირექტორი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
17 ივნისს საინფორმაციო სააგენტო Qartli.ge-მ გაავრცელა ვიდეოები, სადაც კასპის N3 და N4 საჯარო სკოლის დირექტორები აცხადებენ, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნების წინა დღეს დირექტორები დაიბარა კასპის რესურს-ცენტრის უფროსმა დავით ზანგურმა. პარალელურად, იმავე შენობაში დირექტორებს ინდივიდუალურად ხვდებოდა და ესაუბრებოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კასპის განყოფილების უფროსი – გიორგი გერსამიშვილი.
18 ივნისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არ დაადასტურა კასპის დირექტორების დაკითხვაზე დაბარების ფაქტი. იმავე დღეს Qartli.ge-ზე დაიდო ახალი ვიდეო, სადაც ამჯერად მეტეხის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა გეჯაძე საუბრობდა რესურს-ცენტრის უფროსის მიერ მისი დაბარების ფაქტზე.
“აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 19 ივნისს დავით ზანგურმა დაიბარა ქალბატონი მანანა გეჯაძე. მასთან გასაუბრების შემდეგ ქალბატონი შეუძლოდ გახდა და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი გაესაუბრა გეჯაძის ოჯახის წევრებს, რომელთაც განაცხადეს, რომ ქალბატონი მანანა მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ნერვიულობის შედეგად გახდა შეუძლოდ.
ჩვენი კოორდინატორის ინფორმაციით, დირექტორებზე ხორციელდება ზეწოლა, რომ მათ უარყონ საკუთარი განცხადებები და დირექტორების უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის მიერ დაბარების ფაქტი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მეტეხის საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტის შესწავლა და შეწყდეს რესურს-ცენტრის უფროსის მიერ პედაგოგებსა და დირექტორებზე ფსიქოლოგური ზეწოლა.





