ახალი ამბები

კენკრის ‘პანა კოტა’ – თბილისის მერიამ წვეულებისთვის 59 022 ლარი დახარჯა

28 ოქტომბერი, 2017 • 2912
კენკრის ‘პანა კოტა’ – თბილისის მერიამ წვეულებისთვის 59 022 ლარი დახარჯა

თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან 59 022 ლარი დახარჯა თბილისობის აღსანიშნავად გამართული წვეულებისთვის.

პარმა ჰემი პურის ჩხირებზე, იტალიური ბრუსკეტების ასორტი, წითელი ხიზილალის კანაპე, კენკრის “პანა კოტა” ვანილის სოუსით (სამარხვო) – ეს არასრული ჩამონათვალია კერძებისა, რომლებშიც თბილისის მერიამ 23 128  ლარი დახარჯა.

ამას დაემატა
[checklist]

  • 7847 ლარი- არაალკოჰოლური სასმელებისთვის
  • 5 069 ლარი- ღვინისთვის
  • 2644 ლარი – ტრანსპორტირებისთვის
  • 2 903 ლარი- კოქტეილის მაგიდებისა და პუფების ქირისთვის
  • 14 927 ლარი- მუსიკალური გაფორმებისთვის
  • 1 500 ლარი- ფართის ქირისთვის

[/checklist]

მიღებაზე მიიწვიეს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები მხოლოდ უმრავლესობიდან, საკრებულოს წევრები, რომელთა შორის არ იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

წვეულებაზე თბილისის მერი და მისი მოადგილეები მეუღლეებთან ერთად მიიწვიეს. ასევე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და თბილისის მუნიციპალიტეტების გამგებლებიც იყვნენ მიწვეული.

მიწვეულებს შორის იყვნენ საერთაშორისო დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ელჩები.

ოფიციალური პირების გარდა, “კულტურის მოღვაწეების” სახელით მიწვეული იყვნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა ხოფერია, თაკო ჩხეიძე, დავით ოქიტაშვილი, ლაშა ჟვანია, ბასა ფოცხიშვილი, კახი კავსაძე, ქეთი დოლიძე.

მიწვეულებს შორის ასევე იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თბილისის გამწვანების სამსახურის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი.

ასევე მიწვეული იყვნენ, თსუ-ს ყოფილი რექტორები, როინ მეტრეველი და ლადო პაპავა, დაჩი ცაგურია, იმედა დვალიძე, ჯამლეტ ხუხაშვილი, ცეზარ ჩოჩელი.

მიღება ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა, რომელსაც 498 ადამიანი დაესწრო. 498 სტუმრიდან 43 იყო უცხოელი სტუმარი.

“თბილისობა 2017” 7-8 ოქტომბერს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი