აღნიშნული განცხადება ეკა ბესელიამ დღეს, 20 ივნისს, “რადისონ ბლუ ივერიაში” გააკეთა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 6 თვის მუშაობის შედეგებს აჯამებს.
“კომიტეტის დასკვნა ჯერ არ არის მზად. მიმდინარეობს მუშაობა დასკვნის პროექტზე და იქამდე, სანამ მუშა პროცესი ბოლომდე არაა მიყვანილი, ვფიქრობ, არაკორექტულია ასეთი ტიპის შეფასებები და შემაჯამებელი განცხადებები. კომიტეტის მუშაობა არის ღია აბსოლუტურად ყველასთვის. დასკვნის მომზადება არ ითვალისინებს მხარეების მოწვევას. 12 ათას ხელმომწერთაგან, სადაც არავის ტელეფონის ნომერი და მისამართი არ წერია, მხოლოდ სახელი და გვარით ვერ მოვიწვევდით. ვინმეს შერჩევა რაიმე პრინციპით, ასევე, შეიძლება აღქმულიყო დისკრიმანციულად, რატომ 5 ან 10 და რატომ არა 12 ათასი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელია აცხადებს, რომ ის მზადაა პრეტენზიების მქონე მოქალაქეებს შეხვდეს და მოისმინოს მათგან, რეალურად რა საკითხებია პრობლემური.
“აქციის გამართვა მათი უფლებაა, სხვათა შორის, ძალიან მინდა შევხდე და ძალიან მაინტერესებს, რას აპროტესტებენ. ჩემთვის ფორმაა მიუღებელი, როცა არ აცლი კომიტეტს მუშაობას და ვიდრე მუშა პროცესი არ დასრულებულა და ადამიანებს საბოლოო პოზიციები არ ჩამოუყალიბებიათ, იქამდე ხდება შემაჯამებელი განცხადებების გაკეთება. ეს რას ნიშნავს, არ მესმის, ან რა კონკრეტული ფორმლირებებია მიუღებელი. დეფინიციები, ციტირებები აღებულია კონვენციიდან, კონსტიტუციიდან, პაქტებიდან. თუ იმაზე ვდავობთ, რატომ წერია ეს ფრაზები კონსტიტუციაში, ეს სხვა საკითხია, ამაზე დისკუსია შეგვიძლია. მართლა ვერ გავიგე, რას გვედავებიან”, – ამბობს ეკა ბესელია.
მისივე თქმით, მან “ძალიან ბევრი” წერილი მიიღო, სადაც მოქალაქეები ადასტურებენ, რომ მათ პარლამენტისთვის გაგზავნილ განცხადებას მოაწერეს ხელი. ის აცხადებს, რომ არცერთ ხელმოწერას არ ხდის სადავოს და კომიტეტისთვის ერთი ადამიანის ხელმოწერაც საკმარისი იქნებოდა.
კომიტეტის ანგარიშის პრეზენტაციის პარალელურად უკვე დაიწყო აქცია “რადისონთან”. მოქალაქეები ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 17 მაისის საკითხზე შემუშავებული დასკვნის პროექტს აპროტესტებენ.
“ჩვენ, ვინც აღშფოთებული ვართ 17 მაისის მოვლენების ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტისეული შეფასებებით და მიგვაჩნია, რომ იგი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ფაქტების უხეშ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, არამედ, საერთოდ, ადამიანის უფლებების იდეის გაუფასურებას ემსახურება”, – აცხადებენ ისინი.