ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ხვალ თბილისში შეიკრიბება

19 ივნისი, 2013 • • 998
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ხვალ თბილისში შეიკრიბება

ღონისძიება დილის 10:00 საათიდან 14:30 საათამდე გაგრძელდება. 

 

კონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კომიტეტის მიერ შესრულებული მუშაობის ანგარიშს წარმოადგენს. მოწვეული სტუმრები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან კომიტეტთან ექსთვიანი თანამშრომლობის შედეგებს შეაჯამებენ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. 

სხდომაზე მოწვეულნი არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

ღონისძიება ორგანიზებულია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

 

ხვალვე, დილის 10:00 საათიდან მოქალაქეთა ჯგუფი სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიას” მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. მოქალაქეთა ჯგუფი აპირებს გააპროტესტოს აღნიშნული კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნის პროექტი, რომელიც 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

 

“ვაპროტესტებთ ამ დასკვნის პროექტის შინაარსს და ამ დასკვნის პროექტის მიღების პროცედურას, რომელიც იყო სრულიად მიუღებელი და ვითხოვთ იმას, რომ  პროექტი რეალურად არასოდეს გახდეს დასკვნა, იმიტომ, რომ ეს იქნება ერთ–ერთი ყველაზე სამარცხვინო კომიტეტის საქმიანობის ისტორიაში”, – ამბობს თამარ გურჩიანი, რომელიც აპირებს, რომ ხვალინდელ აქციაში მონაწილეობა მიიღოს. მოქალაქეთა ჯგუფი აპროტესტებს დასკვნის პროექტში ჩადებულ კონკრეტულ საკითხებს, რომელიც მათი აზრით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება, ასევე პროექტის მიღების პროცედურას და იმ ფაქტს, რომ 17 მაისს დაზარალებულ ადამაინებს არ მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ განხილვის პროცესში. გარდა ამისა, მათ უკმაყოფილებას იწვევს ის განცხადებები, რომლის მიხედვითაც 17 მაისის შემდეგ შემუშავებულ პეტიციაში, რომელსაც ინტერნეტით ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების ხელმოწერა გაყალბებული იყოს.

 

გურჩიანის ცნობით, აქციის მონაწილეები ხვალისათვის დაგეგმილი მიტინგის შესახებ საქმის კურსში აყენებენ სამართალდამცველ უწყებას და თბილისის მერიას. 

 

“არანაირი კანონის დარღვევას არ ვაპირებთ, სადაც შესაძლებელი იქნება შეკრება, იქ გავაკეთებთ აქციას”.

 

ზემოხსენებული დასკვნის პროექტის შესახებ განცხადება უკვე გაავრცელეს არასამთვრობო ორგანიზაციებმა (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF)  და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი). არასამთავრობო ორგანიზაციები დოკუმენტის წარმოდგენილი შინაარსით მიღებას დაუშვებლად მიიჩნევენ, რადგან მათი შეფასებით აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოებაში ქსენოფობიური და ჰომოფობიური მოტივებით ძალადობას წაახალისებს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დასკვნის პროექტის ტექსტი იმდაგვარადაა შედგენილი, რომ  იძლევა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის, როგორც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ განმარტების შესაძლებლობას, რაც, ერთი მხრივ, არ შეესაბამება 17 მაისს დაგეგმილი აქციის ხასიათს, ამასთან, ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მატარებელია და აკნინებს ლგბტ პირთა უფლებებს.

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი