ახალი ამბები

ვანო ჩხარტიშვილი მელორ ვაჩნაძეს სასამართლოში უჩივის

19 ივნისი, 2013 • 1672
ვანო ჩხარტიშვილი მელორ ვაჩნაძეს სასამართლოში უჩივის

“ინა გუდავაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის დავა სულ უფრო კომიკურად დრამატულ სახეს იძენს და საკითხების ცივილიზებულად მიუკერძოებელ ბრიტანულ სასამართლოში განხილვის სანაცვლოდ ჯერ საეჭვო ინტერესების შუამავლების, ხოლო შემდეგ ქუჩის კარიერის გენერლების აქციებამდე დავიდა. ჩვენმა მხარემ ქალბატონ ინას სადავო საკითხების  გასარკვევად  მსოფლიოში აღიარებული 5 აუდიტორული კომპანია შესთავაზა, სანაცვლოდ კი მელორ ვაჩნაძეს გვიგზავნიან. რამდენად ადეკვატური პასუხია, საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენ  არ ვაპირებთ ამ გზით სიარულს და დავრჩებით სამართლებრივ სივრცეში, მათ შორის, მოქალაქე მელორ ვაჩნაძის მიმართაც, რომელმაც ,,ფეისბუქზე” გავრცელებულ მიმართვაში  გამიზნულად და პროვოკაციულად შეურაცხყო  ვანო ჩხარტიშვილი და შელახა მისი პატივი და ღირსება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჩხარტიშვილის პრეს–სამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებით, მელორ ვაჩნაძისა და მისი მომხრეების ქმედება ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული შავი პიარის ნაწილია.

 

“სამართალი ყველას ეხება, არავის აქვს უფლება შეურაცხყოს სხვისი პატივი და ღირსება ანგარების, საქმეში ჩაუხედაობის თუ არაკომპეტენტურობის გამო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი.  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული მართლმსაჯულება თავის პირუთვნელ სიტყვას იტყვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ყოფილმა პოლიტპატიმარმა მელორ ვაჩნაძემ ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით განცხადება საკუთარ facebook გვერდზე გაავრცელა და მის წინააღმდეგ  აქციის დაგეგმვის შესახებ დააანონსა:

 

“19 ივნისს 14 საათზე, სოლოლაკში გერგეთის ქ.3-ში, სადაც მდებარეობს ბიზნეს ასოციაცია გაიმარტება ივანე ჩხარტიშვილის საწინააღმდეგო აქცია!!!
ეს ადამიანი გამდიდრდა ქარტველი ხალხის ანაბრების მიტაცებისა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ძარცვის ხარჯზე!!! ცჩხარტიშვილი არის ” მოროდიორი” რომელიც ცდილობს ქარტველი ხალხის ხარჯზე დაგროვებოლი ქონება გაიტანოს საქართველოდან ჯონ გრიფინის სახელით…
ამის საშუალება არ მივცეთ მძარცველ,კორუმპირებულ ვანო ჩხარტიშვილს(ჯონ გრიფინს) ის უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და ძარცვით დაგროვებული ქონება დაუბრუნდეს,როგორც მოტყუებულ მეანაბრეებს ასევე პატარკაცისჰვილის ოჯახს!!! ყველა დაზარალებულ მეანაბრეს გიწვევთ აქციაზე!!! “მოროდიორების” ადგილი ციხეშია!!!”, – ნათქვამი იყო მელორ ვაჩნაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი