ახალი ამბები

სამეგრელოში სამალავების საქმეზე დაკავებულებს შორის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია

19 ივნისი, 2013 • 1101
სამეგრელოში სამალავების საქმეზე დაკავებულებს შორის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია

“თქვენი იცით, რომ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ სამარხი, საიდანაც ამოვიღეთ დაახლოებით ორი ოცეული სამყოფი სრული შეიარაღება, ნაპოვნი იქნა რვა კასრი, სადაც ეწყო ნარკოტიკები, დასაჭერი ხალხის სია. ვნახეთ ასევე ვიდეოკასეტები, სადაც აღბეჭდილი იყო საშინელი კადრები. განსაკუთრებით საშინელი იყო ორი ვიდეო, სადაც აღბეჭდილი იყო ადამიანების წამების, დამცირების და გაუპატიურების კადრები. ამის შემდეგ დავიწყეთ გამოძიება და დავადგინეთ ის ორი პირი, რომელიც იყო ნაწამები და ამ კადრებში ჩანს. გამოძიების შედეგად ჩვენ გუშინ ღამით და დღეს დილით დავაკავეთ ცხრა პირი, საიდანაც ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ორი არის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და არის ერთი პირი, რომელიც აუპატიურებს ადამიანებს. ყველაფერი დამტკიცდება და დადგინდება გამოძიების შედეგად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ “ამით მათ პასუხი გასცეს ყველა იმ უსუსურ ბრალდებას, რაც გუშინ ისმოდა, რომ თითქოს სამალავში იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თვითონ მიიტანეს და თითქოს ეს იარაღი თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა”.

 

მინისტრის თქმით, აღმოჩენილი იარაღი იყო აღურიცხავი, ე.წ. შავი იარაღი. ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ის, რაც მოხდა, იყო წინა რეჟიმის სისტემური პრობლემა:

 

“საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. იმ დროს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი და მინდა კარგად შევახსენო ყველას. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირის, რომელთა მმართველობის დროს ხორციელდებოდა ეს საშინელება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მან არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდეს.

“აქ საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულის აღიარებაზე და საკუთარ თავზე აღებაზე. აღმოჩნდა ისე, რომ ერთ–ერთი პირი, რომელიც აწამეს, არც ნასამართლევი იყო და არც ციხეში ნაჯდომი. მისგან ვერ მიიღეს სასურველი ჩვენება. მეორე პირი კი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით იქნა დაკავებული, ნარკოტიკების მოხმარებისთვის და იგი იჯდა ციხეში”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი