ახალი ამბები

ISFED სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებს

19 ივნისი, 2013 • 1476
ISFED სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებს

“ორგანიზაციას 2013 წლის 7 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თხოვნით მიმართა, 2013 წლის 9 ივნისს განეხორციელებინა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს რიგით მესამე არჩევნების დაკვირვება. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები  საქართველოს მასშტაბით 67 მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაში გამართულ არჩევნებს დააკვირდნენ.  გამომდინარე იქიდან, რომ  სამეურვეო საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არის ორგანო, რომელიც ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ბიუჯეტსა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს,  „სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ საბჭოს არჩევნების სამართლიან, თანასწორ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება  სკოლის თვითმმართველობისა და, ზოგადად, ზოგადსაგანმანათლებლო  სისტემის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო.

 

წინასაარჩევნო გარემო და ამომრჩეველთა ინფორმირებულობა: არჩევნების დღეს ამომრჩევლებთან გასაუბრებამ წინასაარჩევნო პერიოდში დაშვებული მთელი რიგი ხარვეზები გამოკვეთა,  რაც ეჭვქვეშ აყენებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდის, ასევე არჩევნების დღის თანასწორ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.

 

არჩევნების დღეს მშობლებთან და პედაგოგებთან გასაუბრების შედეგად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წინასაარჩევნო პროცესები სკოლების უმრავლესობაში არ იყო გამჭვირვალე, ხოლო სკოლის დირექციამ ვერ უზრუნველყო დაინტერესებულ პირთა სათანადო ინფორმირება და ჩართულობა.  მთელ რიგ შემთხვევებში დირექციის მიერ მათთვის მისაღები კანდიდატების დასახელება  მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობისა და ინფორმირებულობის გარეშე ხდებოდა, რის შესახებაც ამომრჩევლები –  მშობლები და მასწავლებლები რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდგომ, ხშირად კი უშუალოდ არჩევნების დღეს იგებდნენ.

 

კონკურენცია:  „სამართლიან არჩევნებს“ განსაკუთრებულად პრობლემურად მიაჩნია ის გარემოება, რომ არჩევნების დღეს არ იყო შექმნილი კონკურენტული გარემო.  ხშირ  შემთხვევაში საბჭოში ასარჩევი ვაკანტური ადგილების რაოდენობა ემთხვეოდა არჩევნებში მონაწილე, რეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობას. უმეტეს შემთხვევებში კონკურენცია უმნიშვნელო იყო და დასახელებული კანდიდატების რაოდენობა 1-2 კანდიდატით აჭარბებდა ვაკანტურ ადგილებს.

 

ხმის მიცემის ფარულობა: ორგანიზაციას განსაკუთრებულად პრობლემატურად მიაჩნია ბიულეტენში კანდიდატის სახელისა და გვარის ამომრჩევლის მიერ ხელით ჩაწერის წესი, რაც მთელ რიგ შემთხვევებში არჩევნების ფარულობის უზრუნველყოფის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. ამომრჩევლები დამკვირვებლებთან საუბარში გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ კალიგრაფიის მიხედვით შესაძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება.

 

ამომრჩეველთა აქტივობა: ამომრჩეველთა აქტივობა უმეტესწილად დაბალი  იყო. სკოლების ადმინისტრაციას მშობელთა მობილიზების მიზნით არჩევნების დღეს დიდი ძალისხმევა უწევდა.  საარჩევნო უბანზე მოსული მშობლების უმეტესობამ  კი არ იცოდა, თუ რა იყო მათი სკოლაში დაბარების მიზეზი.  შესაბამისად, არ ფლობდნენ კანდიდატების  და ხმის მიცემის პროცედურის შესახებ ინფორმაციას.

 

ეთნიკური უმცირესობები: ბიულეტენების შევსება განსაკუთრებით უძნელდებოდათ სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების წარმომადგენლებს,   რომლებსაც გაუჭირდათ ქართულ ენაზე დაბეჭდილი  ბიულეტენების შევსება, რაც შემდგომ არაერთი ბიულეტენის გაბათილების მიზეზი გახდა.

 

კენჭისყრის პროცედურის დარღვევები:  სამეურვეო საბჭოს არჩევნების დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.  „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებული პროცედურული დარღვევების უმრავლესობის აღმოფხვრა არჩევნების მიმდინარეობისას, უბანზევე მოხერხდა. პროცედურული დარღვევები ძირითადად შეეხებოდა არაორგანიზებულობას,  სიებთან დაკავშირებულ უზუსტობებსა და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევებს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გააჩნია შემდეგი რეკომენდაციები:

  • სამინისტროს მიერ სამეურვეო საბჭოს არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის გაძლიერება, ამ პროცესში სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესების გამჭვირვალობა, ყველა დაინტერესებული პირის დროული ინფორმირებულობა და არჩევნებში მათი დაუბრკოლებლად მონაწილეობის შესაძლებლობა;

 

  • სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე სამინისტროს სათანადო რეაგირება, ფაქტების შესწავლა და დამრღვევი პირების შესაბამისი პასუხისმგებლობის დაყენება;

 

  • საჯარო სკოლების ადმინისტრაციის, საარჩევნო კომისიის წევრების უფრო მეტი ინფორმირება სამეურვეო საბჭოს არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით;

 

  • საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩევლის მიერ სასურველი კანდიდატის სახელისა და გვარის ხელით ჩაწერის პროცედურის გაუქმება, რათა უზრუნველყოფილი იქნას ამომრჩევლის ნების გამოხატვის ფარულობა;

 

  • სამინისტროს მიერ სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივრის სამართლიანად და ობიექტურად განხილვა და დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;

 

  • განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება პედაგოგებსა და მშობლებზე სკოლის ადმინისტრაციის მიერ არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავების მიზნით განხორციელებული ზეწოლის ფაქტების გამოვლენასა და რეაგირებაზე;”

მასალების გადაბეჭდვის წესი