ახალი ამბები

ქუთაისის მერიაში თანამშრომლების დათხოვნის პროცესი დაიწყო

19 ივნისი, 2013 • • 2974
ქუთაისის მერიაში თანამშრომლების დათხოვნის პროცესი დაიწყო

ამირან ძოწენიძე
ამირან ძოწენიძე

ქალაქის ვიცემერის, ამირან ძოწენიძის თქმით, გათავისუფლებას რეორგანიზაციასთან კავშირი არ აქვს და ის პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი:

 

„ქალაქში დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ხალხის გათავისუფლება, არანაირი რეორგანიზაცია და არანაირი ოპტიმიზაცია არ ხდება, ყველას შეგიძლიათ ნახოთ, რომ სამსახურები დარჩა, უბრალოდ, ცვლიან მათთვის არასასიამოვნო და არასაიმედო ადამიანებს კეთილსაიმედო ან იმ ადამიანებით, რომლებთანაც ვალში არიან. ეს რომ რეორგანიზაცია არ არის, ყველა დარწმუნდებით ამაში, რომ გამოვა ბრძანებები მერის ხელმოწერით. ბატონმა კოპალიანმა რამდენიც არ უნდა იძახოს, რომ ეს მისი გაკეთებული არ არის და რომ ყოფილმა „ნაციონალებმა“, ამჟამად “პატრიოტებმა” გააკეთეს, ვერ დაიძვრენს თავს, რადგან მისი ხელმოწერაა ყველაფერზე და ის აგებს პასუხს. ეს რომ პოლიტიკური დევნაა, ძალიან ადვილად შეიძლება ამაში დარწმუნება. ნახეთ, ვის მიუვა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები.“

 

მისივე თქმით, გათავისუფლება მხოლოდ მერიის აპარატის უფროსს არ შეეხო, ახალი ხელისუფლების მიმართ მისი დამსახურებების გამო:

 

„მათ სურთ, რომ ყველა წავიდეს სამსახურიდან, თუმცა „პატრიოტებს“ აქ საკუთარი მეგობრები და ნათესავები ჰყავთ და ისინი, რა თქმა უნდა, მოინდომებენ მათ დაცვას.”

 

კახა ხვარეშია
კახა ხვარეშია

გათავისუფლების ბრძანება უკვე მიუვიდა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსს კახა ხვარეშიას :

 

„მე პირადად მივედი და მოვაწერე ხელი ბრძანებას. ეს არის იურიდიული კანონმდებლობის არასრული ცოდნა, ვინც ამზადებდა ამ ბრძანებებს. ვფიქრობ, რომ ეს არის უვიცობის გამოვლინება. როცა გეუბნებიან, რომ არ უნდა გაათავისუფლო ვინმე პოლიტიკური მოტივებით და მას ერთი დღის შემდეგ გაუკეთო იგივე განცხადება, რასაც აპირებდი 2 დღით ადრე, ეს არის უპასუხიმგებლობა და იმ საქმის არცოდნა, რასაც ჩვენი ქალაქის მერი და მთელი საკრებულო უდგას სათავეში. ჩემი სამსახური არანაირ რეორგანიზაციას არ განიცდის ისევე, როგორც სხვა ბევრი სამსახური”.

 

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ თოფურიძის თქმით, გათავისუფლების პროცესი სამართლიანია. მისივე მტკიცებით, ჯამში, მერიის თანამშრომლების 10-13% გათავისუფლდება:

 

„საკრებულოს დადგენილებით გამოცხადდა რეორგანიზაციის პროცესი. ყველა თანამშრომელს გაეგზავნა შეტყობინება რეოგანიზაციის დაწყებაზე. გუშინ გავიდა ამ გართხილებიდან ერთი თვე და უკვე მერია თავისუფალია ქმედებებში, რეორგანიზაცია ჩაატაროს მისი შეხედულებისამებრ. შეიქმნა რამდენიმე ახალი სამსახური, რაც იძლევა აბსოლუტურად სამართლებრივად ძლიერ საფუძვლებს იმისას, რომ მერმა მიიღოს ახალი სამსახურის უფროსების დანიშვნის გადაწყვეტიოლება. რიგ შემთხვევაში, შტატების შემცირების გადაწყვეტილებაც. თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ მერიაში შტატები გაბერილია. ამდენი თანამშრომელი მერიის მუშაობისთვის საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, ეს შემცირება კანონშეუსაბამო არ არის. ყველაფერი მიმდინარეობს კანონის ფარგლებში. მიმდინარეობს სამართლიანობის პრინციპების დაცვით და არავითარ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი არ შეიძლება იყოს და არც არის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი