ახალი ამბები

ომბუდსმენი: შიდსის სახელმწიფო პროგრამა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის

19 ივნისი, 2013 • 997
ომბუდსმენი: შიდსის სახელმწიფო პროგრამა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის

სახალხო დამცველს 31 მაისს განცხადებით მიმართა აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულმა პირმა, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ამის გამო ვერ იტარებს სრულფასოვან მკურნალობას. აღნიშნული პირი 2001–2013 წლებში სასჯელს იხდიდა საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთანავე, გადიოდა მკურნალობის კურსს აივ ინფექცია/შიდსზე. 


„აივ–ინფექცია/შიდსის“ შესახებ 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მას შემდეგ, რაც ზემოთ აღნიშნული პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ვეღარ სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით.

 

“პაციენტი იღებს მედიკამენტებს „გლობალური ფონდის“ ნებართვის საფუძველზე, მაგრამ ვერ იტარებს დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მას არ შეუძლია  მკურნალობის საფასურის გადახდა”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენით თქმით, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ პირს საქართველოს მოქალაქის სტატუსი არ აქვს, დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მკურნალობა არის მთელი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხი.


“პრობლემის აქტუალობას განსაზღვრავს დაავადების გადაცემის მაღალი რისკი, რომელიც მკურნალობის გარეშე სწრაფად პროგრესირებს. კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ რისკის ქვეშ არის პაციენტის სიცოცხლე, ილახება მესამე პირთა ჯანმრთელობის დაცვის უფლებაც”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი