ახალი ამბები

TI: ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო

19 ივნისი, 2013 • • 1172
TI: ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო

“2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების შესახებ, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურორ არჩილ კბილაშივილსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება “განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ”.

 

ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელმაც გასული წლის სექტემბრის თვეში  ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყობის ამსახველი კადრები გაავრცელა, ბრალად ედებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 218-ე მუხლის თანახმად,  საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ბრალეულობის ხარისხი. აღნიშნული გარემოებები ბედუკაძის შემთხვევაში შესაძლოა არასათანდოდ ყოფილიყო შეფასებული.

 

ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალად ედებოდა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით ერთ- ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად აღიარებული ქმედება. გაეროს კონვენციის – „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა  და დასჯის წინააღმდეგ”  –  მეორე მუხლი ნათლად კრძალავს წამების ნებისმიერი ფორმით გამართლებას. გარდა ამისა, კონვენციის მეორე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია უმაღლესი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი გახდეს წამების გამართლების საფუძველი.  

 

ვლადიმერ ბედუკაძე
ვლადიმერ ბედუკაძე

გაეროს კონვენციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წამების დანაშაულის დასჯა შესაბამისი სასჯელის გამოყენებით.

 

ვლადიმერ ბედუკაძე სასამართლოს საბოლოო განაჩენის გარეშე, ფორმალური გაგებით, ვერ ჩაითვლება დამნაშავედ. მას ბრალად უმძიმესი დანაშაული ედებოდა და მისი მონაწილეობა ამ დანაშაულის ჩადენაში არც მთავარ პროკურორს და არც ბედუკაძეს არ უარყვია. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფრომაციით, ბედუკაძემ აღიარა დანაშაულის ჩადენა. საქართველოს პროკურატურის მიერ კონკრეტული წამების ფაქტზე ბრალდებული პირის პასუხისმგებლობის დაყენებაზე უარის თქმით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, დაირღვა გაეროს კონვენციის მე-4 მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს წამებაში მონაწილე პირის დასჯას ავალდებულებს.  

 

გამოძიებასთან თანამშრომლობისა და საქართველოს ციხეებში არსებული უმძიმესი დარღვევების  გამოაშკარავებისთვის ვლადიმერ ბედუკაძესთვის მიზანშეწონილი იყო კანონმდებლობით დაშვებული შეღავათების დაწესება, თუმცა ისეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორსაც წარმოადგენს წამება და არაადამიანური მოპყრობა, დაუშვებელია პასუხისმგებლობისგან პირთა სრული გათავისუფლება. ამგვარი მიდგომა უხეშად ლახავს დაზარალებულ პირთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის პროცესში დაუშვებელია მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება. გარდა ამისა, იმ პირობებში როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სამართლიანობის აღდგენა სახელდება, გაუგებარია, რატომ ახორციელებს სახელმწიფო უმძიმესი დანაშაულების პატიებას და რატომ ახდენს ასეთი დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესების იგნორირებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი