ახალი ამბები

ხიდაშელი: აშშ-ის კონგრესის დოკუმენტი საკმაოდ მძიმე იყო

18 ივნისი, 2013 •
ხიდაშელი: აშშ-ის კონგრესის დოკუმენტი საკმაოდ მძიმე იყო

“საკმაოდ მძიმე დოკუმენტი და ტექსტია წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებაში. ნამდვილად არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, როგორც შეჩვეული იყო ჩვენი მოსახლეობა წლების განმავლობაში, როდესაც ხელისუფლება იმ აბზაცების ამოღებას იწყებდა, სადაც კარგი ეწერა. ნამდვილად ამ დოკუმენტში არის ძალიან ბევრი მძიმე დებულება. ეს არის ძალიან სერიოზული თემა, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი.”

 

ხიდაშელის თქმით, “საბედნიეროდ, ეს მხოლოდ, ერთი პალატის მიერ მიღებული აქტია.”

 

“ანალოგიური აქტი მიიღო სენატმაც, სადაც მსგავსი არაფერი წერია. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი საელჩო ვაშინგტონში, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყოველი ჩვენგანი, ვისაც რაიმე შეხება გვაქვს საერთაშორისო ურთიერთობებთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადეკვატური იყოს ის საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც კონგრესი მიიღებს,”- განაცხადა ხიდაშელმა გადაცემა “პოზიციასთან” საუბარში.”

 

აღნიშნული განცხადების სიმწვავეს უმრავლესობის წევრი ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს.


” არავისთვის ეს კითხვას არ წარმოადგენს, თუ რატომ არის მწვავე ეს ჩანაწერი. მე არ მგონია, რომ ივანე მერაბიშვილის დღევანდელი პატიმრობა დაკავშირებულია რაიმესთან, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, და სასამართლომ გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება. მით უმეტეს, ჯერ არ არის განაჩენი დამდგარი,”- განაცხადა ხიდაშელმა.


აშშ-ის კონგრესმა, თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებამ შესაძლოა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთბებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.


“ის ზომები, რაც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქართველომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღო, როგორც ჩანს, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წარმომადგენელი დააკავეს. მსგავსი ქმედებები განხორციელდა ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიმართაც. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც წინაა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ამ ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს”, – ნათქვამია კონგრესის განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი