“პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ყველა ბერკეტი ექნება, ჩაერიოს უნივერსიტეტის საქმეებში, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, განსაზღვროს სახელფასო ტარიფები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ჩემი აზრით, კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის გია დვალის მიერ შემუშავებულ კონცეფციასთან, სადაც აკადემიური თავისუფლება ერთ-ერთ მთავარ ღირებულებადაა აღიარებული. რაც შეეხება დეკლარაციას, მისი შინაარსი აბსოლუტურად მისაღები და ნათელია. ეს ორი ტექსტი შეუთავსებელია. კანონპროექტი თავისი შინაარსით არადემოკრატიულია, ხოლო დეკლარაცია, პირიქით.
მიკვირს, ერთი და იგივე უწყებამ ორი სხვადასხვა შინაარსისა და პათოსის დოკუმენტი რომ გამოაქვეყნა, თან ასე მოკლე დროში. შეუძლებელია დაეთანხმო დეკლარაციას და მოგწონდეს კანონპროექტი. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, პარლამენტარებმა ორივე ტექსტი გულდასმით წაიკითხონ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, ან აღიარონ, რომ დეკლარაციაში აღწერილი აკადემიური თავისუფლების პრინციპები მათთვის მიუღებელია. მეც, როგორც ამომრჩეველი, შევაფასებ ოქტომბერში ჩემ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
არ შეიძლება, ერთი მხრივ, მიგაჩნდეს, რომ უნივერსიტეტი დამოუკიდებელი უნდა იყოს გარე ფაქტორებისგან და, ამავდროულად, მხარს უჭერდე კანონპროექტს. სახელმწიფო ვალდებულია დააფინანსოს განათლება, სკოლები და უნივერსიტეტები, ამიტომ ვიხდით გადასახადებს. თუმცა მიუღებელია ბიუჯეტის განკარგვაში ჩარევა და სხვადასხვა სახის პოლიტიკური ზეგავლენა. ეს პრინციპი არ იყო უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებების რეალური ავტონომიის რეალიზების დროა, ჩვენ ამას ქართული ოცნება დაგვპირდა მაშინ, როდესაც სისტემა წელში იყო გატეხილი ყოფილი მმართველი ძალის ზეწოლისგან.
როგორ დასრულდება ეს პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, მოქალაქეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება. მე პირადად არ მომწონს კანონ-პროექტი და მომწონს დეკლარაცია, მაგრამ დეკლარაცია არაა კანონი. ჩვენს სისტემას სჭირდება საკანონმდებლო გარანტიები, ცვლილებები კანონში. შესაძლოა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს აკადემიური თავისუფლების შესახებ. როგორ დასრულდება ეს პროცესი, იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორი პარლამენტი ავირჩიეთ.”- აცხადებს განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი.