
სამართალდამცავი უწყების ცნობით, სამალავში აღმოჩენილია ხელნაწერი მასალებიც, რომელიც, მათივე მტკიცებით, შესაძლებელს გახდის დამნაშავე პირთა სწრაფ იდენტიფიცირებას.
“ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის”, –აცხადებს შსს.
შსს–ს მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ერთ კადრში ჩანს საქაღალდე წარწერით “დასაჭერები”, შემდეგ კადრში კი ხელნაწერი დოკუმენტი, რომელსაც აწერია: “მეგის სერგოს ძე ქარდავას შინაგანაწესი”. ხელნაწერი დოკუმენტი 1987 წლით თარიღდება და იქ სკოლის მოსწავლე მეგის ქარდავას დღის განრიგია აღწერილი:
“1. დღეში 4–ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით.
2. დილის 8 საათზე სკოლისთვის მომზადება.
3. სკოლაში გაკვეთილებზე ყურადღებით მოსმენა, შესვენების ნორმალურად გამოყენება ამხანაგებთან თამაშში მონაწილეობის გარეშე.
4. მეცადინეობის დამთავრების შემდეგ ფრთხილად სახლში წასვლა.
5. სკოლაში დაბრუნების შემდეგ 1 საათი შესვენება, მერე სხვადასხვა სათამაშოებით გართბა 1 საათს. ფეხბურთის თამაში ოთახში აკრძალულია, ამისთვის გამოიყენება ეზო”.
კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს მოსწავლე მეგის ქრდავას შინაგანაწესს აღმოჩენილ საბრძოლო მასალასთან და მიუთითებს თუ არა ეს მეგის ქარდავას კავშირზე აღმოჩენილ სამალავთან, შსს–ში აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს გამოძიების მიმდინარეობაზე მოგვიანებით გაავრცელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე აღბეჭდილია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკები, ასაფაეთქებელი ნივთიერებები და ვიდეოფირები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მასალების სამალავი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უშუალო ზედამხედველობითაა შექმნილი და ის გათავლისწინებული იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიურ ოპონენტებზე შურის საძიებლად.
