ახალი ამბები

“გადადგეს კვირიკაშვილის მთავრობა” – “პატრიოტთა ალიანსმა” შიმშილობა განაახლა

25 ოქტომბერი, 2017 • 1917
“გადადგეს კვირიკაშვილის მთავრობა” – “პატრიოტთა ალიანსმა” შიმშილობა განაახლა

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტის შენობასთან შიმშილობის აქცია განაახლა. ათამდე ადამიანი ამჯერად კვირიკაშვილის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით,  ისინი ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობასა და მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებენ, აგრეთვე ითხოვენ რიგ ცვლილებებს კონსტიტუციაში და დიალოგს რუსეთთან.

“კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ქვეყნის ტერიტირიული მთლიანობა არის უმთავრესი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. ასევე, ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს ახალგაზრდებისთვის ეროვნული ცნობიერების ამაღლებაზე და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან.

აქ არის საუბარი სოციალურ თემებზეც, ვინაიდან ქვეყანაში არის უმძიმესი ფონი.”, – ასე ხსნის შიმშილობის მიზეზს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ცხორაგაული.

მისივე თქმით, “მთავრობამ არაფერი გააკეთა საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შესაქმნელად, ამას დაემატა ის, რომ ხელისუფლებამ მოგვივლინა წინა რეჟიმი [ნაციონალური მოძრაობა] მეორე ოპოზიციურ ძალად, მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას.”

“ნეტგაზეთმა” აქციის მონაწილეებს ჰკითხა, რატომ უპირისპირდებიან მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილს და არა, ვთქვათ, კახა კალაძეს, რომელმაც ცესკოს მონაცემებით თბილისის მერის არჩევნები მოიგო, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ამ კითხვას პატრიოთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა ფეისბუკზე უპასუხა:

“კვირიკაშვილის გადადგომას რომ ვითხოვ, მას ერთ მთავარ თემაზე ვუპირისპირდები – ხელს ვადებ, რომ ბოკერია-პარლამენტში [ბოკერია ევროპული საქართველოს ლიდერია] და ბოკერიას 10%-ი ამ არჩევნებზე,- მისი პროექტია. კვირიკაშვილს მე არ დავპირისპირებივარ. თვითონ დაგვიპირისპირდა, როცა პარლამენტში ბოკერიას წინაშე ამტკიცებდა,- “პატრიოტთა ალიანსთან” სტრატეგიული პარტნიორობა არ მექნებაო. შენთან ვითანამშრომლებო. კალაძეს რაც შეეხება, არჩევნების პროცესში სხვა კანდიდატებიც იყვნენ… მაგ. კახა კუკავა, რომელსაც ისევე არ შევხებივარ, როგორც კახი კალაძეს. რატომ უნდა ვიკამათო ხალხთან, რომლებთანაც საკამათო არ მაქვს? “აბიჟნიკი” ხომ არა ვარ, რომ ყველას ვეჩხუბო და ვეკამათო?! და ეს იმას რატომ ნიშნავს, რომ მე ან კუკავასთან ვიყავი შეკრული და ან კახი კალაძესთან?! “, – წერს ირმა ინაშვილი.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა და მხარდამჭერებმა შიმშილობის აქცია თბილისში თავდაპირველად სექტემბერში დაიწყეს, რომელიც თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დროებით შეწყდა. მაშინ აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ და რუსეთთან, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმებთან, პირდაპირი დიალოგის დაწყებას ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი