“საქართველოს სახელმწიფო ცდილობს, შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეები და დაიცვას მათი ინტერესები. შესაბამისად, სერვისების განვითარების სააგენტომ სპეციალური განცხადებით მიმართა ყველა ასეთ პირს, განურჩევლად თანამდებობისა თუ სტატუსისა, რომ ჩაერთონ საქმის წარმოებაში და მიმართონ სააგენტოს ორმაგი მოქალაქეობის მიღების სურვილით. ამის შემდეგ მოხდება მათთვის მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შეფასება, დასკვნა გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მათ საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს, ამავე დროს, ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობაც, განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფიზიკური პირის რეკომენდაცია, ორი ფოტოსურათი და დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისათვის მოქმედებს კანონით დადგენილი სამთვიანი ვადა.
პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, შეუძლიათ შესაბამისი განაცხადი შეავსონ ონლაინრეჟიმში.