ახალი ამბები

„ტფილისის ჰამქრიდან” ვიბრძოლებ თბილისისთვის”– ელისაშვილი არჩევნებსა და გეგმებზე

24 ოქტომბერი, 2017 • 1861
„ტფილისის ჰამქრიდან” ვიბრძოლებ თბილისისთვის”– ელისაშვილი არჩევნებსა და  გეგმებზე

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. მისი თქმით, ამჟამად იმ შეცდომებს აანალიზებს, რის გამოც ამომრჩევლის სათანადოდ მობილიზება ვერ შეძლო. თუმცა აღნიშნავს, რომ წლევანდელი არჩევნების შედეგებით არაფერი დასრულებულა და პროცესებმა აჩვენა, რომ ადამიანებს პოლიტიკურ სივრცეში ცვლილებები სურთ.

“შედეგების კარგად გაანალიზება იმას გვეუბნება, რომ ხალხს უნდა ცვლილება. ხალხს უნდა, რომ პოლიტიკაში იხილოს კეთილსინდისიერი, წესიერი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები და ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე დაჭაობებული, დამყაყებული პარტიები და პარტიიდან პარტიაში გადასული ადამიანები. ცვლილებაზე არის უზარმაზარი მოთხოვნა და დღეიდან, შევეცდებით, თანმიმდევრული შრომით თითოეული ის ადამიანი, ვინც სახლში დარჩა, დავარწმუნოთ, რომ თითოეული ადამიანის ხმა მართლაც მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, პარტიის შექმნაზე კვლავ ფიქრობს, თუმცა არა ახლო პერსპექტივაში. ამჟამად კი საქმიანობას “ტფილისის ჰამქარში” გააგრძელებს:

“ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან არანაირ ურთიერთობას არ განვიხილავ. საკუთარ თანაგუნდელებთან, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვფიქრობ პარტიის შექმნაზე, თუმცა ეს ჯერ ადრეა. ამ ეტაპზე „ტფილისის ჰამქარი“ იქნება ის ასპარეზი, საიდანაც ქალაქისთვის ბრძოლას განვაგრძობ“.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ქალაქის მოქმედ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა, მისი და მისი გუნდის მიერ მომზადებული პროექტები მერიას უსასყიდლოდ მიაწოდოს. თუმცა აღნიშნავს, რომ რაიმე თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას, შემოთავაზების შემთხვევაში, არ განიხილავს.

“ვაპირებ, რომ ერთიანადაც და ნაწილ-ნაწილაც მივაწოდო ჩემი პროგრამის გარკვეული დეტალები, მათ შორის, პლატფორმა chemitbilisi.ge, რომელიც უკვე მუშაობს. ხალხმა უკვე დაიწყო ამ პლატფორმის გამოყენება, ტვირთავენ პრობლემებს, ფოტოებს და ასე ცდილობენ, მერიას ხმა მიაწვდინონ. ლოგო არის „ალეკო მერად“. შეუძლია შეცვალოს და დააწეროს „კალაძე მერად“. არაერთ პროგრამას შევთავაზებ უსასყიდლოდ, ყოველგვარი დათქმებისა და ვალდებულებების გარეშე. ამ თვალსაზრისით, ქალაქისთვის სასარგებლო პროექტების თვალსაზრისით, ვითანამშრომლებთ ნებისმიერ საკითხზე”, – ამბობს ელისაშვილი.

“ცესკოს” მონაცემებით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერის არჩევნებზე ხმათა 17.48% მიიღო და მმართველი პარტიის კანდიდატის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი